უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მიერ ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენების მუქარის პარალელურად, ევროკავშირმა ენერგომომარაგების დივერსიფიცირების პროცესი დაიწყო, რაც ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს ახალი მილსადენებისა და გათხევადებული აირის ტერმინალების მშენებლობას.
ევროკომისიის შეფასებით, მიუხედავად სირთულისა, რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება რეალურად შესაძლებელია. მაგალითად, ბოლო წლებში რუსული გაზის იმპორტი მილსადენების საშუალებით მკვეთრად შემცირდა, ხოლო თხევადი აირის იმპორტი ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებიდან - ამერიკიდან და ნორვეგიიდან გაიზარდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის მილსადენიდან გაზის წილი ევროკავშირის იმპორტში 40%-დან 8%-მდე შემცირდა. კერძოდ, რუსეთიდან 2021 წელს ევროკავშირში იმპორტირებული იყო 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, 2023 წელს კი 43 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. პარალელურად ამისა, 2021 წელს ამერიკიდან თხევადი გაზის იმპორტი 18.9 მლრდ კუბური მეტრიდან 2023 წელს 56.2 მლრდ-მდე გაიზარდა. ნორვეგიის შემთხვევაში იმპორტი 2021 წლის 79.5 მილიარდიდან 87.7 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.
ნორვეგია და აშშ 2023 წელს ევროკავშირში გაზის მთავარი მომწოდებლები იყვნენ. საანგარიშო პერიოდში ნორვეგიის წილი გაზის იმპორტში 30.3%-ს შეადგენდა, მას კი რეიტინგში მოჰყვებოდა ამერიკა 19.4%-იანი წილით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში იზრდებოდა ევროკავშირში გათხევადებული გაზის იმპორტი. 2023 წელს ჯამში 120 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი LNG-ს იმპორტი განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი მიმწოდებელი ამერიკა იყო, რომელსაც თითქმის 50%-იანი წილი ეკავა, 2021 წლის შემდეგ კი ამერიკიდან იმპორტი თითქმის სამჯერ არის გაზრდილი. LNG-ის უმსხვილესი შემსყიდველები საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია და იტალია იყო.
შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ იანვარს კიევის დროით 07:00 საათზე, უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორისა და „გაზპრომს“ შორის 2019 წლის 30 დეკემბერს დადებული შეთანხმების ვადა ამოიწურა. სწორედ ამ პერიოდიდან უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა. წლის დასაწყისში ევროპაში გაზის ფასმა ზრდა დაიწყო და ბოლო წლის მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ფასმა კვლავ კლება დაიწყო. სფეროს ექსპერტების შეფასებით, ფასის ზრდა გამოწვეული იყო განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურით, რამაც მოხმარების ზრდა გამოიწვია. ფასის ამჟამინდელ კლებას კი უკავშირებენ იმას, რომ მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, გაზზე დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.