„ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის გადაზიდვების მიმართულებით. კომპანიები, კომერციულ ავტომობილებს აღარ განაახლებენ,“ - ასე აფასებს კომპანია „რობან მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე იმ ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია იკრძალება.
საუბარია, M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებზე, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების მანქანებზე.
როგორც ელგუჯა ჯამაგიძე bpn.ge-სთან ამბობს, ეს არაგონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან თუ კომერციული დაწესებულებას მოუწევს, ძვირად იყიდოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, ეს დისტრიბუციის ან წარმოების ფასში, შესაბამისად, პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება.
„ამ თემაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით, როდესაც პირველად ეს განკარგულება გამოჩნდა, 2023 წლის თებერვალი იყო. მაშინაც აღვნიშნეთ, რომ ეს არის არაგონივრულ გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა არც აწარმოებს და არც ავტომობილებთან მიმართებით შეღავათიანი პირობები გვაქვს. ეს ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის გადაზიდვების მიმართულებით.
კომპანიები, კომერციულ ავტომობილებს აღარა განაახლებენ, იმ გაგებით, რომ 2013 წლიდან გამოშვებული სატრანსპორტო საშუალები ევროპაშიც ძალიან ძვირია. ეს მანქანები კი, დიდწილად შემოდის ევროპიდან, აშშ-დან მისი ტრანსპორტირება ძალიან ძვირია. საუბარია, გამწევებზე, თვითამწეების მანქანებზე, დახურულ სატვირთოებზე, ავტობუსებზე, მიკროავტობუსებზე, მცირე კომერციულ ავტოტრანსპორტზე, ამათი განახლება ისევ მოსახლეობის ხარჯზე მოხდება. იმიტომ, რომ როდესაც კომერციული დაწესებულება ძვირად იყიდის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ეს ან დისტრიბუციის ან წარმოების ფასში აისახება, შესაბამისად, გაიზრდება პროდუქტის თვითღირებულება. ზოგადად, ყველაფერი უნდა კეთდებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ეს გადაწყვეტილება ამისთვის არ კეთდება,“ - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.