„ჯერჯერობით იგივე ტარიფებით ვმუშაობთ“, - ასე პასუხობს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, გაიზარდა თუ არა ტექინსპექტირების მომსახურების ფასები.
შეგახსენებთ, ტექინსპექტირების ცენტრები ბოლო თვეებში აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მომსახურების 30 ლარით, 90 ლარამდე გაძვირება სურდათ. მოთხოვნით მთავრობასაც მიმართეს, თუმცა, ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
„ჯერჯერობით იგივე ტარიფებით მუშაობენ ტექინსპექტირების ცენტრები. მიმართა სექტორმა მთავრობას, რომ გადახედილიყო ტექინსპექტირების საფასური, ამ ეტაპზე არ არის გამოხმაურება მათგან. იყო გარკვეული კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით პროცესები არ განახლებულა“, - აღნიშნავს შიოლაშვილი.
რესპონდენტი საუბრობს ფასის ზრდის მოთხოვნის მიზეზებზეც და ყურადღებას ამახვილებს კადრების გადინებაზე, ტექნიკურ ნაწილსა და დაბალ ხელფასებზე.
„ტექნიკური ბაზა საჭიროებს განახლებას, რადგან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ძვირადღირებული მოწყობილობებია ჩართული ინსპექტირების პროცესში და საჭიროებს განახლებას. ამ პერიოდში პერსონალის გადინებაც მაღალი იყო, სექტორი იგივე ხელფასებით ვეღარ ახერხებს, რომ შეინარჩუნოს კომპეტენტური თანამშრომლები და ეს არის მთავარი მიზანი, თუ რატომ დადგა საჭიროება, რომ სექტორს მიემართა მთავრობისთვის ფასის გაზრდაზე“, - განაცხადა შიოლაშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია ტექინსპექტირების 30 ლარით გაძვირება. შესაბამისად, თუ მთავრობა საფასურის ზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის ტექდათვალიერების საფასური დღეს არსებული 60 ლარის ნაცვლად, 90 ლარი იქნება.