„ეკონომიკის კუთხით პროგნოზები საკმაოდ მძიმეა, იზოლაციის შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს.
როგორც მანვე აღნიშნა, ეკონომიკის დიდი ნაწილი ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და უცხოური ინვესტიციების შედეგად იქმნება. აღნიშნულ მიმართულებებს კი, ჩუგოშვილის შეფასებით, უკვე აქვთ პრობლემა ან იზოლაციის შემთხვევაში მოსალოდნელია რომ ექნება, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.
„ეკონომიკის კუთხით პროგნოზები საკმაოდ მძიმეა. 9 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი გვაქვს ყოველწლიურად, იმპორტი და ამაში გადახდილი ფული 9 მილიარდით მეტია ექსპორტის მაჩვენებლებზე. ეს 9 მილიარდი გროვდება სამი ძირითადი წყაროდან - უცხოური ინვესტიციები, ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი და უცხოელების მიერ შემოტანილი ფული და ტურიზმი. სამივე მიმართულებას ან უკვე აქვს პრობლემა, ან აქვს საფრთხეები იზოლაციის რისკებიდან გამომდინარე. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება თითოეულ ამ სამ მიმართულებაში. იზოლაციის შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ,“ - აღნიშნავს ჩუგოშვილი.
ამასთან, ბიზნესმენი საუბრობს იზოლაციის პირობებში რა ბედი ელის საქართველოს ეკონომიკას. ამ ნაწილში საუბრისას ჩუგოშვილი ყურადღებას ამახვილებს ლარის გაუფასურებაზე, გაზრდილ ფასებსა და საბანკო ვალდებულებებზე.
„იზოლაცია აისახება გაცვლით კურსზე, ეროვნული ვალუტის გაუფასურება აისახება იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე, რასაც მოხმარების ძალიან დიდი წილი უკავია. თავის მხრივ, გაზრდილი გაცვლითი კურსი აისახება გაზრდილ გადახდებში და დოლარში აღებული სესხების დაფარვაში. შედეგად, ნაკლები თანხები დაიხარჯება ყოველდღიური საჭიროებებისთვის და შემცირდება ცხოვრების ხარისხი. ამჟამად, ძირითადად ეს რისკები იკვეთება. თუ მოვლენები ასე განვითარდა, შესაძლოა, ბიუჯეტზეც აისახოს და ცვლილებების შეტანა მოუწიოთ. რისკები არის და ეს რეალურია, განსაკუთრებით იმ სცენარით, თუ მთავრობის ადმინისტრაციის იზოლაცია გაგრძელდა და თუ ეროვნულ დონეზე სანქციებში გადაიზარდა, უფრო ღრმა რისკებსა და საფრთხეებში შევალთ,“ - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 43 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ეს ადამიანები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.