საქართველოს სავალუტო რეზერვები წლიურად 1.157 მლრდ დოლარით შემცირდა - როგორია სტატისტიკა

2024 წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში შემცირდა, თვის ჭრილში კი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 562 მლნ დოლარით შემცირდა, 2024 წლის ნოემბერთან შედარებით კი 323.6 მლნ დოლარით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბერში რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4.123 მლრდ დოლარს, დეკემბერში - 4.447 მლრდ დოლარს, ხოლო 2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.009 მლრდ დოლარი იყო.

რაც შეეხება კონკრეტულად სავალუტო რეზერვებს, აქაც წლიურ ჭრილში შემცირებას, თვის ჭრილში კი ზრდა ფიქსირდება. სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სავალუტო რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3.396 მლრდ დოლარს, ნოემბერში კი 3.059 მლრდ დოლარს. 2023 წლის დეკემბერში კი სებ-ს 4.553 მლრდ დოლარის სავალუტო რეზერვები ჰქონდა. შესაბამისად, გამოდის, რომ დეკემბერში წლიურად სავალუტო რეზერვები 1.157 მლრდ დოლარით შემცირდა.

ამასთან, დეკემბრის მდგომარეობით სარეზერვო ოქროს მოცულობა 598.7 მლნ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.118 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 1.278 მლრდ დოლარს ინახავს.