ეროვნულმა ბანკმა "ლაზიკა კაპიტალი" 23 ათასი ლარით დააჯარიმა - რა გახდა მიზეზი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი“ 4 შემთხვევაზე დააჯარიმა, ჯამში 23 ათასი ლარით.

  • 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად ან/და ვადის გადაცილებით წარდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის სამი შემთხვევისათვის, სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
  • 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 4 (ოთხი) ფაქტი, რაც წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის ოთხი შემთხვევისათვის, სულ -12,000 (თორმეტი ათასი) ლარი;
  • 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ მიუღია გონივრული ზომა კლიენტების ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად, რაც ხსენებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 3,000 (სამი ათასი) ლარი.
  • 4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა საქმიანობის არსის დადგენა, რაც წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებებით. დარღვევის ერთი შემთხვევისათვის, სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი“, - აღნიშნულია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალმა“ ქართულ საფინანსო ბაზარზე საქმიანობა 2000 წელს მცირე საკრედიტო პროექტის სახით დაიწყო, რომელიც ფინანსდებოდა ფონდი „ოქსფამის“ მიერ. 2003 წელს განხორციელდა პროექტის გამოყოფა „ოქსფამისაგან“ და დარეგისტრირდა როგორც „მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“. 2007 წელს მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე ფონდი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და აღნიშნული პერიოდიდან ოპერირებს როგორც სს მისო „ლაზიკა კაპიტალი“.

კომპანიის გენერალური დირექტორი არის ბესიკ შენგელია.