სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე სასტუმროები ზამთრის სეზონზე მაღალი დატვირთულობით მუშაობენ. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „არსიანსა“ და „კურორტ გოდერძიში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის 80%-ით არიან დატვირთულები.
სასტუმრო „არსიანში“ ჯავშნების უდიდესი ნაწილი უცხოელ დამსვენებლებზე მოდის. სასტუმროში ტურისტები ძირითადად გერმანიიდან და ჩეხეთიდან არიან.
„ახლა დაახლოებით 80%-ით ვართ დატვირთული. დატვირთულობას თებერვლის ბოლომდე ველოდებით. ჯავშნების 70% უცხოელების არის. ტურისტები არიან გერმანიიდან, ჩეხეთიდან. ჩვენთან ძირითადად „ფრი რაიდერები“ დადიან“, - განაცხადა სასტუმრო „არსიანში“.
„კურორტი გოდერძი“ დატვირთულობას იანვრის ბოლომდე ელოდება. ამ შემთხვევაში დამსვენებლების უდიდესი ნაწილი ადგილობრივია.
„ამ ეტაპისთვის 80% ნომრების დაჯავშნილია. ჩვენთან ძირითადად ადგილობრივები არიან. უცხოელების ჯავშნების წილი მცირეა. დატვირთულობას დაახლოებით იანვრის ბოლომდე ველოდებით“, - აცხადებენ Goderdzi Resort-ში.
Georgian Travel Guide-ის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ამ ეტაპისთვის წარმოდგენილია 2 მცირე ზომის საბაგირო, ასევე, 6-ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები.
გოდერძის სათხილამურო ტრასების ჯამური სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს, ადგილზე წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის, ისე რთული ტრასები. ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს, დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით კი 4.5 კილომეტრია.