ევროკავშირში რუსულ გაზს რუმინული ჩაანაცვლებს - Reuters

ევროკავშირში რუსულ გაზის მიწოდება მთლიანად 2027 წლისთვის შეწყდება, როცა მიწოდება რუმინეთის შავი ზღვის პერსპექტიული საბადოდან დაიწყება.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამ საბადოს ოპერატორმა მყიდველთან, გერმანიასთან პირველი კონტრაქტი უკვე გააფორმა. კერძოდ, Reuters გარიგების მცოდნე სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ავსტრიულმა OMV-მა, რომელიც რუმინეთის საბადო Neptun Deep-ს ავითარებს, გაზის ექსპორტის პირველ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მყიდველი გერმანული Uniper-ია, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში 1,7 მლრდ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს. ეს მოცულობა 2024 წელს გერმანული გაზის იმპორტის 1,5%-ს შეადგენს.

შავი ზღვის რუმინეთის შელფზე ღრმაწყლოვან საბადო Neptun Deep-იდან გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება. მოპოვებული მარაგი 100 მლრდ კუბური მეტრით არის შეფასებული, მაშინ, როცა 2012 წელს, საბადოს გახსნისას 42-84 მლრდ კუბურ მეტრს მოელოდნენ. ასეთი მარაგით საბადო ევროკავშირში ერთ-ერთი უდიდესია.

მას შემდეგ, რაც Neptun Deep-ის ექსპლუატაცია დაიწყება, რუმინეთი ევროკავშირში გაზის უმსხვილესი მწარმოებელი და ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა პირველად გახდება.

არსებული პროგნოზით, წარმოების პიკში Neptun Deep 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 8 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს. შედეგად რუმინეთში გაზის წარმოება, თითქმის, გაორმაგდება. Reuters-ის ცნობით, შავი ზღვის რუმინულ სექტორში გაზის მარაგი 200 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

საბადოს ოპერატორი OMV Petrom-ია, რომლის აქციათა საკონტროლო პაკეტი OMV-ს ეკუთვნის, ხოლო რუმინეთის სახელმწიფო კომპანია, Romgaz აქციათა 20,7%-ს ფლობს. თუმცა საბადოს კომპანიები თანაბრად ფლობენ.

Neptun Deep-თან გაზის მიწოდების პირველი ხელშეკრულების შესახებ ერთი კვირის შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროპის ქვეყნებში უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყდა, რადგან კიევმა 2024 წელს ამოწურული კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა. შედეგად ევროპაში ომამდელ საექსპორტო მარშრუტებიდან “გაზპრომს” მხოლოდ ერთი, თურქული ნაკადი დარჩა.

ყველა მილსადენით ევროპისთვის მიწოდებული გაზის მთლიანმა მოცულობამ 2023 წელს 27-28 კუბური მეტრი, ხოლო 2024 წელს 32,1 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. 2023 წელს უკრაინის მარშრუტით ევროპაში 14 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი, ხოლო 2024 წელს 15,4 მლრდ კუბური მეტრი გაზი შევიდა. ეს ევროპის საჭიროების, დაახლოებით, 5%-ია. ამდენად, უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ “გაზპრომმა” ევროპაში ექსპორტის, დაახლოებით, ნახევარი დაკარგა. თუმცა გადაქაჩვების მოცულობა შესაძლოა, თურქული ნაკადის მეშვეობით გაზარდოს, რომლითაც უნგრეთი, ასევე, სერბეთი და ბალკანეთის ქვეყნები მარაგდება.

ცნობისთვის: გასული წლის შემოდგომაზე ავსტრიულმა OMV-მა, რომელიც საბჭოთა და რუსული გაზის კომპანიების უძველესი პარტნიორია ევროპაში, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის თანამშრომლობის შემდეგ “გაზპრომთან” ურთიერთობა გაწყვიტა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ