Boeing-ი და Google-ი ტრამპის ინაუგურაციისთვის 1-1 მლნ დოლარს გაიღებენ

Amazon-ის, Meta-ს და სხვა მსხვილი ამერიკული კომპანიების შემდეგ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის თანხას Google-ი და Boeing-იც შესწირავენ. როგორც BBC წერს, თითოეული კომპანია 1-1 მლნ დოლარს გაიღებს.

აღნიშნული BBC-ის ორივე კომპანიაში დაუდასტურეს.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ Boeing-ის ორპარტიულ ტრადიციას, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს", - განაცხადეს Boeing-ში და დასძინეს, რომ ბოლო სამი პრეზიდენტის საინაუგურაციო ფონდში მსგავსი დონაცია აქვთ გაღებული.

შემოწირულება დაადასტურეს Google-შიც. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ ისინი უზრუნველყოფენ ინაუგურაციას საკუთარ პლატფორმებზე.

„Google მოხარულია, რომ მხარს უჭერს 2025 წლის ინაუგურაციას, YouTube-ზე პირდაპირი სტრიმინგით და პირდაპირი ბმულით ჩვენს მთავარ გვერდზე“, - განაცხადეს Google-ში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

ამ დროისთვის ინაუგურაციისთვის 1-1-მილიონიანი შემოწირულება გაიღეს შემდეგმა კომპანიებმა: Meta, Amazon-ი, Uber-ი, Ford-ი, General Motors-ი, Boeing-ი და Google-ი.