„საქართველოს ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს“ - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე დაგეგმილ ელექტროენერგიის დამაგროვებლების პროექტს.
შეგახსენებთ, საქართველოში პირველი ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების სისტემის მოწყობა იგეგმება. პროექტის პირველი ფაზა 2025 წელს განხორციელდება და პროექტი 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, დამაგროვებლები მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასაც შეუწყობს ხელს, იქიდან გამომდინარე, რომ მათი უსაფრთხო მუშაობისთვის სარეზერვო სიმძლავრეების შენახვა და პიკურ პერიოდებში გამოყენება შესაძლებელი იქნება.
„აპრილიდან იზრდება წყლის რაოდენობა და შესაბამისად, რესურსი, ჰესების მიერ გენერაციის ზრდის. სწორედ ამ პერიოდში შეგვეძლება, რომ ენერგია დავაგროვოთ. მეორე მხრივ, განახლებადი ენერგიის წყაროების (მზე და ქარი მაქვს მხედველობაში) განვითარების საშუალება გვექნება. ქარისა და მზის სადგურები ინტენსიურად ვერ შევიდა ექსპლუატაციაში სარეზერვო სიმძლავრეების ნაკლებობის გამო, რომელიც საქართველოში აქამდე წყალსაცავიანი ჰესების საშუალებით იყო უზრუნველყოფილი. წყალსაცავიანი ჰესები - „ხუდონი“, „ნენსკრა“ და „ნამახვანი“ ვერ აშენდა, შესაბამისად, ქარის და მზის ექსპლუატაციაში შესვლა შენელდა იმიტომ, რომ მათ სისტემის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდებოდა.
დამაგროვებლების პროექტი 2028 წელს უნდა დასრულდეს, ამ შემთხვევაში მათი არსებობა მოგვცემს საშუალებას, უფრო თამამად და მეტი რაოდენობით მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა დავიწყოთ, ენერგია დავაგროვოთ და სისტემას არ შევუქმნათ საფრთხე, როცა ქარისა და მზის სადგურების გენერაციისთვის არაეფექტური პერიოდი იქნება“, - განაცხადა გია არაბიძემ.
ცნობისთვის, პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 355 მილიონ ლარს შეადგენს. წელს 5 მილიონის ათვისება მოხდება, 120 მილიონი ლარის - 2026 წელს, 150 მილიონის - 2027 წელს, ხოლო 2028 წელს პროექტში 80 მილიონი დაიხარჯება. პირველი დამაგროვებლები ქ/ს „ქსანი-500“-ის მიმდებარედ განთავსდება და სისტემაში ინტეგრაცია განხორციელდება. დამაგროვებლების სიმძლავრე 200 მგვტ, ხოლო ტევადობა 200 მგვტ.სთ იქნება.