„უცხოელი სპეციალისტების ხედვები, ასე ბრმად არ უნდა მიგვეღო - გეგმაში იყო, რომ მოსახლეობის 8% გადასულიყო ველოსიპედზე“

„წარმოიდგინეთ, სადღაც მიდიხარ და უცებ დამთავრდა გზა, ეს არ გაძლევს იმ იმპულს, რომ ველოსიპედზე გადაჯდომა მოგინდეს“, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ bpn.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, ის, რომ ველოსიპედებზე გადასვლის გეგმა, ვერ განხორციელდა, საკითხისადმი არასწორმა მიდგომამ განაპირობა. როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, თავის დროზე, როდესაც უცხოელმა სპეციალისტებმა სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების კუთხით საკუთარი ხედვები და მონაცემები წარმოადგინეს, არარეალური იყო. საქმეში კი, ქართველი სპეციალისტების ჩართვა მაინც არ მოხდა.

„ყველგან, მთელს ცივილიზებულ სამყაროში, პრიორიტეტი არის ფეხით მოსიარულე, შემდეგ ველოტრანსპორტი და ა.შ. ბუნებრივიცაა, რაც ჯანსაღია გადაადგილება, მით უფრო უკეთესია სამომავლოდ, მაგრამ თუ ფეხით მოსიარულეზე ვაწყობთ ქალაქს (შემდეგ ველოსიპედზე), მაშინ მინიმუმ, ინფრასტრუქტურა შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი, რომ შემდეგ სხვა ყველაფერი (ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.), მიაბა ამას. ვერსად ქალაქის ცენტრში, ვერც ვერაზე, ვერც მთაწმინდაზე, ვერც ავლაბარში და ა.შ ვერ ნახავთ ტროტუარს, სადაც შშმ პირს გადადგილება შეუძლია, ან თუნდაც დედამ რომ შეძლოს ეტლით გავლა, ამორიცხულია.

რადგან ამ მიმართულებით არ წავედით, მეორე ავტომატურად მიჰყვება მას - ველოსიპედები. ჩემი შეთავაზება იყო, რომელიმე უბანში მაინც უნდა შევკრათ წრე, რომ ამ ერთ უბანში მაინც შესაძლებელი ყოფილიყო თავიდან ბოლომდე ველოსიპედით გადადგილება. წარმოიდგინეთ, სადღაც მიდიხარ და უცებ დამთავრდა გზა, ეს არ გაძლევს იმ იმპულს, რომ ველოსიპედზე გადაჯდომა მოგინდეს. იმიტომ, რომ საფრთხე გაქვს ძალიან დიდი. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ აღმართ-დაღმართიანია ჩვენი დედაქალაქი, შეუძლებელია ზაფხულში, სიცხეში ამ გზებით სამსახურში ან სტუმრად მიხვიდე. თან კლიმატიც ასეთი გვაქვს, ერთ დღეს ცხელა და უცებ ძალიან ყინავს, რაც ველოსიპედით გადადგილების შემთხვევაში, ძალიან არაკომფორტულია. მართალია, განვითარდა ყველაფერი და სულ რომ ელექტროველოსიპედზე გადავიდეთ, არცერთი უბანი ველობილიკით სრულად არ არის მზად. ამასთან, ვიწრო ქუჩები გვაქვს, წარმოიდგინეთ, აღმართზე რომ მიდიხარ და მთელი მანქანები უკან მოგყვებიან, არავისთვის არის კომფორტული. უკან ხომ არ დაიწყებ ყურებას, არავინ დაგეჯახოს...

საბოლოო ჯამში, ყველა ეს საკითხი არ გიბიძგებს ველოტრანსპორტზე გადახვიდე, რაც იყო ძირითადი სამიზნე, გეგმაში იყო, რომ 8% (მოსახლეობის) უნდა გადასულიყო ველოსიპედზე, რაც წარმოუდგენელია.

გარდა ამისა, საუბარი არ ყოფილა მოტოტრანსპორტზე, იმიტომ, რომ საერთოდ არ ჰქონდათ ამაზე ნაფიქრი მათ, ვინც ეს პროექტი შეადგინა. ეს უცხოელები ჩამოსულები იყვნენ, პროექტი, საკუთარი ხედვები წარმოადგინეს, მეც ვიყავი ამ შეხვედრაზე, მაგრამ მერე აღარ დავესწარი, რადგან წარადგინეს რიცხვები, ქუჩების გამტარობაზე და ა.შ. რომელიც აბსოლუტურად არ შეეფერებოდა რეალობას. მაშინ ვუთხარი კიდეც, რომ საავტომობილო ფედერაცია ჩავერთვებით და მივახმარდით ჯგუფს, რომ დათვლები ზუსტი ყოფილიყო, მაგრამ იწყინა იმ ხალხმა.

ფაქტი ერთია, რომ ქართველი სპეციალისტები ჩართულები არ იყვნენ. არ არის აუცილებელი მე ვყოფილიყავი, ან ის, ვინც აქტიურია, ნებისმიერი სხვა ქართველი სპეციალისტი, რომელმაც იცის აქაური სპეციფიკა, მენტალობა ჩვენი ხალხის, იცის, სად როგორ მოიქცევა, ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩართული. და, უცხოელი სპეციალისტების წარმოდგენილი ხედვები, ასე ბრმად არ უნდა მიგვეღო. გვეკამათა, გვემსჯელა და ისე მიგვეღო შედეგი“,- ამბობს მევლუდ მელაძე.

ნინი ქეთელაური