ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით, 5,000 ტონა მაზუთი რჩება, რომელიც ჟელესმაგვარი მასაა და არ მოძრაობს. ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
ამასთან, 10 იანვარს მეჩეჩზე შემჯდარი ტანკერის, Volgoneft-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 2,8 ათასი მ²-ია.
15 დეკემბრიდან, ანუ გემების ჩაძირვის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში მხოლოდ ანაპასა და კრასნოდარის მხარის თემრიუკის რაიონიდან, დაახლოებით, 155 ათასი ტონა მაზუთიანი ქვიშა ამოიღეს, ხოლო ანექსირებულ ყირიმში 43,5 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგი შეგროვდა. იქ, ასევე, აკვატორიის 19,1 ათასი მ², ხოლო ყუბანში 38,7 ათასი მ² გაიწმინდა. საზღვაო სამაშველო სამსახურის მყვინთავები, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ, ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ თავიდან ფეხებამდე მაზუთში იფარებიან.
ეკოლოგების შეფასებით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება, ხოლო ანაპის სანაპირო ზოლსა და ქერჩის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 20 მეტრს არ აღემატება.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ტანკერების ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში, დაახლოებით, 2,4 ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა. საერთო ჯამში ორ ტანკერზე 9,2 ათას ტონამდე ნავთობპროდუქტი იყო ჩატვირთული.
დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” ცნობით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.
კრემლი შავ ზღვაში მაზუთის დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. პუტინი თავიდან მხოლოდ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამატებითი ჯგუფის“ გაგზავნით შემოიფარგლა. ამასთან, კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ფედერალური შტაბი გემების ჩაძრვიდან, თითქმის, ერთ თვეში, მხოლოდ 12 იანვარს ჩამოყალიბდა.
ცნობისთვის: 15 დეკემბერს, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის მახლობლად შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.
უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ