„ველოდებით მკაფიო პასუხს“ – BOG-ისა და TBC-ს ხელმძღვანელობა ანდრო ჭიჭინაძის დედას და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედას ლია გუნცაძესა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. 3 საათზე დაგეგმილია „თიბისის“ გენერალურ დირექტორთან შეხვედრაც.

შეხვედრაზე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელებს მიმართავენ თხოვნით, რომ 15 იანვარს ბანკის თანამშრომლებს დაანონსებულ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მისცენ.

„მინდა ყველა დედის სახელით მივმართო ბანკის ხელმძღვანელობას სამ საათიან გაფიცვასთან დაკავშირებით, რომ არ შეუშალონ ხელი იმ თანამშრომლებს, ვისაც აქვთ გაფიცვის სურვილი“, - განაცხადა ლია გუნცაძემ.

ამასთან, რეჟისორმა პაატა ციკოლიამ შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ ბანკების ხელმძღვანელობისგან ელოდებიან გარანტიას, რომ გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს არ გამოიყენებენ.

„ახლა შევხვდებით „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას, 3 საათზე „თიბისი“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მივდივარ. მათგან ველოდებით მკაფიო პასუხს, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს არ გამოიყენებენ გაფიცულთა წინააღმდეგ“, - განაცხადა ციკოლიამ.

მერი ტაბატაძე