„ვერ ავუკრძალავთ დამსვენებლებს მანქანით ჩამოსვლას - აუცილებელია ბაკურიანის შემოსასვლელში საპარკინგე სივრცეების შექმნა“ - სააგენტო

წელს, წინა წლებთან შედარებით, ბაკურიანში გაცილებით მეტი დამსვენებელი გვესტუმრა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ზამთრის სეზონის დაწყებამდე ნოემბერში უწყებათაშორისო შეხვედრა გაიმართა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბაკურიანში ზამთრის სეზონზე გარკვეული პრობლემები მაინც წარმოიშვა.

„2021 წლიდან, რაც სააგენტო ფუნქციონირებს, ყოველ წელს სეზონის დაწყებამდე იმართება უწყებათაშორისი შეხვედრა და განიხილება სეზონთან დაკავშირებული რიგი საკითხები. ამის მიუხედავად რამდენიმე დაბრკოლებას მაინც გადავაწყდით, თუმცა ხშირ შემთხვევაში პრობლემები სცდება სააგენტოს კომპეტენციის“, - აცხადებენ სააგენტოში.

ბაკურიანში დასასვენებლად ჩასული მოქალაქეები ადგილზე არსებული საცობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გადატვირთულობა დამსვენებლებისა და ავტომობილების ჭარბმა რაოდენობამ გამოიწვია.

„ძალაშია შესული კანონი ზამთრის საბურავების შესახებ და აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქემ გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტზე, ზამთრის საბურავებით გადაადგილება, რადგან თავადაც იყვნენ დაცული და გაუფრთხილდნენ სხვებსაც. ამჟამად აღნიშნული სიტუაციის კონტროლი შეუძლებელია, ვინაიდან ვერ ავუკრძალავთ დამსვენებლებს მანქანით ჩამოსვლას. სამომავლოდ აუცილებელია საპარკინგე სივრცეების შექმნა ბაკურიანის შემოსასვლელსა და მის ტერიტორიაზე, რაც მეტ-ნაკლებად განმუხტავს სეზონზე სიტუაციას“, - განგვიცხადეს სააგენტოში.

ამასთანავე, სააგენტოს მივმართეთ კითხვით მოყინული და გასაწმენდი საავტომობილო გზებისა და ტროტუარების შესახებაც.

„რაც შეეხება საავტომობილო გზებსა და საფეხმავლო ბილიკებს, აღნიშნული განეკუთვნება საავტომობილო გზების დეპარტამენტს. ამჟამად სააგენტოს არ აქვს საფეხმავლო ბილიკების გასაწმენდად განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა, თუმცა, შესაძლებლობების ფარგლებში წესრიგდება. ხოლო საავტომობილო გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და ყოველ ღამე სისტემურად იწმინდება.

გადატვირთული გზებიდან გამომდინარე, რაც გამოიწვია გაზრდილმა ნაკადმა, გართულდა დღის საათებში ნარჩენების გატანა სხვადასხვა ლოკაციიდან, აღნიშნული კიდევ უფრო გაამძაფრა დამსვენებლების მხრიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩებში დატოვებამ. ჩვენი დასუფთავების სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს 24-საათიანი რეჟიმით, დღის საათებში საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ ხელით და ბაგის დახმარებით, ხოლო ღამე სპეც. ტექნიკით“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში.

მერი ტაბატაძე