„საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორ არჩილ გაჩეჩილაძესთან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედის ლიკა გუნცაძისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ამჟამად მოქალაქეები „თიბისი“ ბანკის გენერალურ დირექტორს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა 15 იანვარს დაგეგმილი გამაფრთხილებელი გაფიცვაა.
შეხვედრაზე მოქალაქეები ითხოვდნენ გარანტიას, რომ საყოველთაო გაფიცვაში მონაწილე ბანკის თანამშრომლებს პროტესტის უფლება არ შეეზღუდებათ და გაფიცვის შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები არ იქნება გატარებული.
„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ლიკა გუნცაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულის შესახებ დაპირება მიიღეს, შედგა კონსტრუქციული დიალოგი, ახლა კი გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდებიან.
„დაგვპირდნენ, რომ არავინ არ დაისჯება გამოსვლისა და მოქალაქობრივი პოზიციის გამოხატვისთვის. ვისაც უნდა ის გამოვა და დააფიქსირებს თავის პროტესტს. შეგვპირდნენ, რომ არავინ დაისჯება, კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, ველოდებით ახლა ამის აღსრულებას. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტია!“, - განაცხადა ლიკა გუნცაძემ.
ის თუ როგორი იქნება „თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობის პოზიცია, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.