მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 ტენდერი ხელახლა გამოაცხადა - რა დაჯდება სამუშაოები

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე და ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთებზე. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 781 045 ლარია, ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთის კი 6 812 435 ლარი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 4 ლოტად გასული წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარი იყო.

ტენდერში წინადადებების მიღება 14 იანვარს დასრულდა. თუმცა 4 შესყიდვიდან 2 - ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე და ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთების რეაბილიტაციაზე ტენდერი პრეტენდენტის არარსებობის გამო ჩავარდა.

4 382 808 ლარის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია) და 8 464 123 ლარის (მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია) ტენდერების შემთხვევაში პრეტენდენტი მხოლოდ ერთი კომპანი - შპს დინ გრუპია. ამ ეტაპზე აღნიშნულ ლოტებზე შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.