ღიად გამოდით რეჟიმის წინააღმდეგ... შემოუერთდით გაფიცვას - თინა სტამბოლიშვილი

"ღიად გამოდით რეჟიმის წინააღმდეგ... შემოუერთდით გაფიცვას",- ამის შესახებ კომუნიკაციების ექსპერტი, GPA-ასოცირებული პროფესორი თინა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.

როგორც „იფიცება საქართველო!“ -ს ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.

მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები და თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თინა სტამბოლიშვილის პოსტს bpn.ge უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს რომელიმე ბიზნესი თუ არ აპროტესტებს (ხაზს ვუსვამ არ აპროტესტებს) არსებულ მდგომარეობას, რისი იმედი აქვს?

სასამართლოს არარსებობის პირობებში "დაარასკლადებს" ოფიციოზთან - ანუ გარიგებაში შევა, კორუფციაში შევა, კომპრომატებს მოიმატებს და კიდევ უფრო დაუცველი გახდება?

ძალოვანების "გაშპანების" პირობებში - პირად დაცვას მოიმატებს, თავად იარაღს დაიჭერს (თავად შექმნის ძალოვანს), ხელისუფლების შპანას გადაუხდის რომ დაიცავს?

თავდაცვის მიზნით მფარველად დაიყენებს მდინარაძეს, სამხარაძეს, ზარქუას (ვინმე ეგეთს) - მათ გადაუხდის “მოსაკრებელს” (ოფიციალური რეკეტი)?

სხვა რამე გაქვთ მოსაზრება? რისი იმედი აქვთ?

ახლა რას ნიშნავს პროტესტი:

- ჩუმად მყოფი ბიზნესი არის აი ზემოთ აღწერილი სიტუაციისთვის რომ ემზადება და რისთვის წირავს თავის თავს, ხომ ხვდებით;

- პროტესტი ნიშნავს ღიად რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლას: მხარე უნდა დაიჭირონ;

- პოლიტიკაში არ ვერევი იდიოტობაა და არაბიზნესური (ზემით აღვწერე რატომაც) - ისევ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გამოხვიდე. ჯიკაპის განცხადება, შესაბამისად, არაბიზნესურია.

რჩევა, ვისაც სანქციების ეშინია:

ღიად გამოდით რეჟიმის წინააღმდეგ - მოითხოვეთ "ფრი ბიზნესის" პლატფორმის გახსნა და დაემატეთ;

შემოუერთდით გაფიცვას - ღიად განაცხადეთ;

დაეხმარეთ გამოყრილ საჯარო მოხელეებს, გადაუხადეთ ჯარიმები დემონსტრანტებს - ისინი თქვენი თავისუფლებისთვის ისჯებიან;

ღიად მოითხოვეთ პატიმრების გამოშვება - მზია ამაღლობელი და ყველა სხვა თქვენი ბიზნესის თავისუფლებისთვის ზის;

მხარი დაუჭირეთ და დააფინანსეთ თავისუფალი მედია, არასამთავრობოები, აქტივისტების ჯგუფები.

თავისუფალი სასამართლოს და სხვა ინსტიტუტების არარასებობის პირობებში ასეც და ისეც მაგრად ჩაიძირებით და ამ ნაბიჯებით სანქციებს მაინც ასცდებით. ამ ნაბიჯებით ძალიან მაგრად დაეხმარებით ქვეყნის გამოხსნას. ეს მაინც მოხდება, ოღონდ რამდენად მტკივნეული იქნება, თქვენზეა დამოკიდებული",- წერს თინა სტამბოლიშვილი.

ნინი ქეთელაური