ბრიტანულმა Scrap Car Comparison-მა იმ ავტომობილების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე ხშირად იშლება, ანუ უტილიზდება.
რეიტინგს გამოცემა, Express აქვეყნებს.
კერძოდ, 2024 წელს ყველაზე მეტად უტილიზებული ავტომობილი უკვე მერვე წელია, Ford Focus გახდა. შარშან Ford Focus-მა დასაშლელად ჩაბარებული ავტომობილების 6,3% შეადგინა, რითაც ჩარტში პირველი ადგილი დამაჯერებლად დაიკავა. 2023 წელთან შედარებით Focus 2%-ით მეტად იშლება.
„მაშინ, როცა Focus 2000-იანი წლების უმეტეს პერიოდში გაერთიანებული სამეფოს ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ჩარტებში ლიდერობდა, მათი უმეტესობა 20-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ სიცოცხლისუნარიანობას კარგავს,“ - წერენ Scrap Car Comparison-ის ექსპერტები.
2024 წლის ყველაზე უტილიზებული ავტომობილების სიაში მეორე ადგილი ბრიტანულმა უმსხვილესმა ბრენდმა, Vauxhall-მა და მისმა Astra-მ დაიკავა. Astra-ების უმეტესობა თავისი სასიცოცხლო ციკლის დასასრულს უახლოვდება და მათ გასულ წელს დასაშლელად ჩაბარებული ავტომობილების 5.6%-ს შეადგინეს.
შემდეგი Vauxhall Corsa-აა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის გზებიდან გამქრალი მოდელების 4,8% შეადგინა.
მეოთხეზე 4.4%-ით Ford Fiesta-ა, ხოლო ხუთეულს Volkswagen Golf ხურავს, რომელსაც უტილიზებულებს შორის 2.5%-იანი წილი უკავია.
Scrap Car Comparison-ის შეფასებით, Ford Focus-თან ერთად ყველა ეს მოდელი 2000-2010 წლებში დიდი რაოდენობით იყიდებოდა, ხოლო რაკი 2024 წელს ჯართში ჩაბარებული ავტომობილების საშუალო ასაკი 17 წელია, ბევრი მათგანი მაღალი სარემონტო ხარჯის გამო უკვე სიცოცხლისუუნაროა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ