„ცვლილება გარდაუვალია - რძის ნაწარმზე ფასი 10-15%-ის ფარგლებში გაიზრდება“

„რძის ნაწარმის თითქმის სრულ ასორტიმენტზე კომპანიას მოუწევს 10-15%-ის ფარგლებში ფასის გაზრდა, მხოლოდ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო,“ - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს დედაქალაქში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

„მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქციაზე რძის ნაწარმზე, ფასის კორექტირება ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება. ამის მიზეზი კი დედაქალაქის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც პირველი იანვრიდან სადისტრიბუციო მანქანებისთვის დილის საათებში გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. რძის ნაწარმი იმ ტიპის პროდუქცია გახლავთ, რომლის მომარაგებაც იმ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით ხდება, რომელსაც შეზღუდვა ეხება. ფასის ცვლილება გარდაუვალია. მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დამატებით ფინანსური ხარჯების გაღების აუცილებლობას იწვევს. ფასის კორექტირების გარეშე კომპანიები ფიზიკურად ვერ მოახდენენ ოპერირებას. რძის ნაწარმის თითქმის სრულ ასორტიმენტზე კომპანიას მოუწევს ფასის 10-15%-ის ფარგლებში ზრდა.

როცა დოკუმენტებს წარვადგენდით, მივუთითებდით, რომ ეს გამოიწვევდა ნებისმიერ შემთხვევაში ფასის ზრდას, თუკი ეს გადაწყვეტილება ამ ფორმით იქნებოდა მიღებული, სამწუხაროა რაც მივიღეთ. გასული თვეების განმავლობაში დედაქალაქის მერია სხვა ტიპის რეგულაციაზე საუბრობდა, რაც ღამის საათებში მიწოდების შემოღების ვალდებულებას გულისხმობდა. 2024 წლის ბოლოს, გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე გავიგეთ, რომ რეგულაცია დილის გადაადგილების შეზღუდვის ნაწილში შეგვაქვს. ბიზნესი ამიტომ აღმოჩნდა მოუმზადებელი და თუკი მერიაში აცხადებენ, რომ ბიზნესს ერთი წელი ჰქონდა ამისთვის მოსამზადებლად, ეს სიმართლესთან ვერ იქნება ახლოს, გამომდინარე იქიდან რომ თვეების განმავლობაში სხვა ტიპის რეგულაციაზე იყო საუბარი, რომელსაც სხვა ტიპის გადაწყობა და მომზადება სჭირდებოდა,“ - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. ეს შეზღუდვა 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის.

რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

sadistribucio-ruka-1735670257-1737099942.jpg

მაგდა შენგელია