ტრამპი კრიპტოვალუტას აშშ-ის სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტად გამოაცხადებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გეგმავს, ხელი მოაწეროს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრიპტოვალუტებს სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტად აქცევს, ხოლო დარგის მონაწილეებს მისი ადმინისტრაციის მუშაობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას მისცემს.

ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

განკარგულება შესაძლოა, 20 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციის დღეს გამოქვეყნდეს, რომელშიც კრიპტოვალუტები ეროვნულ პრიორიტეტად იქნება ნახსენები. ეს ფორმულირება კრიპტოინდუსტრიასთან თანამშრომლობისთვის სამთავრობო უწყებების წახალისებას ისახავს მიზნად. ასევე, შეიქმნება კრიპტოვალუტის საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დარგის ინტერესებს დაიცავს.

ამასთან, საუბარია განკარგულებაში იმ პუნქტის ჩამატებაზე, რომელიც უწყებებს დაავალდებულებს, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით თავიანთ პოლიტიკას გადახედონ და შესაძლოა, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამართალწარმოებაც შეაჩეროს. Bloomberg-ის შეფასებით, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-დან დაწყებული სტარტაპ Ripple Labs-ით დამთავრებული, მთელი რიგი კომპანიების წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედების შეწყვეტა ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.

ასევე, განიხილება ბიტკოინის ეროვნული რეზერვის შექმნის საკითხი, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლების მფლობელებაში არსებული კრიპტოვალუტის მარაგი შევა. ანალიტიკური კომპანია Arkham-ის მონაცემებით, აშშ-ის მთავრობა ამჟამად, დაახლოებით, 20 მლრდ დოლარის ღირებულების ბიტკოინებს ფლობს, რომლებიც სხვადასხვა გამოძიების ფარგლებში არის კონფისკირებული.

წყაროები განმარტავენ, რომ კრიპტოვალუტის შესახებ დადგენილება ჯერ არ არის დასრულებული და დეტალები შესაძლოა, შეიცვალოს.

ცნობისთვის: აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიტკოინი, თითქმის, 50%-ით გაიზარდა და 100 000 დოლარს პირველად გადააჭარბა, რასაც, ნაწილობრივ, კრიპტოვალუტის ეროვნული რეზერვის შექმნის მოლოდინებს უკავშირებენ. 2024 წელს ბიტკოინის ფასი გაორმაგდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ