2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან და ინდოეთიდან.
„2024 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310 982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 43.3%-ია.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 124 335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 46.8%-ია.
ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან 2024 წელს საქართველოში 88 583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%-ია.
ზრდა არის ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გასულ წელს, აშშ-დან საქართველოში 51 728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია,”- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ ჯამში 7 368 149 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ჯამში 7 072 220 ვიზიტი შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოში ყველაზე მეტი მოგზაური - რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.