„სანქციების დაწესება ბრიტანეთის მხრიდან იქნება მესიჯი დარჩენილი ბიზნეს სამყაროსთვის - პროცესებს დომინოს ეფექტი ექნება“ - ვიქტორ ყიფიანი

„ბრიტანეთი ურთიერთობების მარეგულირებელი გლობალური ცენტრია, სანქციების დაწესებას დომინოს ეფექტი ექნება“, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ჯეოქეისის“ დირექტორი ვიქტორ ყიფიანი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადების შეტანას.

როგორც ყიფიანი განმარტავს, ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის არაერთი ქვეყანა და გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დომინოს ეფექტით ვრცელდება დანარჩენ ქვეყნებზე. აქედან გამომდინარე, სანქციების დაწესების შემთხვევაში შესაძლოა, მსგავსი ნაბიჯი სხვა სახელმწიფოებმაც გადადგან.

„ბრიტანულ იურისდიქციაში მოქცეული სანქციები არის მრავალმხრივი დატვირთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ბრიტანულ იურისდიქციას უჭირავს განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ბიზნეს არქიტექტურაში, ფულის მოზიდვის გრავიტაციული ცენტრია, ან ნაწილში ვგულისხმობთ მაგალითად, ლონდონის საფონდო ბირჟას, ასევე, ალტერნატიულ საინვესტიციო ბირჟას, სადაც შედარებით მცირე კაპიტალიზაციის ბიზნესები გადიან და რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ პერსპექტიული იყოს ქართული ბიზნესებისთვის. შესაძლოა, ერთი ნაბიჯი იყოს ამ პლატფორმების ჩაკეტვა;

2. გარდა ფინანსებისა, ბრიტანეთი არის ურთიერთობების მარეგულირებელი გლობალური ცენტრი, საინვესტიციო პროექტების უმეტესობა იმართება და განსჯადია ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემის მხრიდან. სანქციების დაწესება იქნება პრეცედენტის დამკვიდრება;

3. ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის არაერთი ქვეყანა და პროცესებს ექნება დომინოს ეფექტი. სანქციების დაწესება ბრიტანეთის მხრიდან იქნება მესიჯი დარჩენილი ბიზნეს სამყაროსთვის, რომ რადგან გრავიტაციულმა ცენტრმა ასეთი შეფასება მისცა მოვლენას, ამ შეფასებაში უნდა მისდიონ სხვებმაც. სიმძიმე ამ გაჟღერებული ინიციატივის ამაშიც გამოიხატება“, - აღნიშნავს ვიქტორ ყიფიანი.

რესპონდენტი განმარტავს, რომ ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან კონკრეტულ სანქცირებულ პირებთან შესაძლოა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამართლებრივად ოპერირების საშუალება არ შეეზღუდოს, თუმცა, სანქციების მსუსხავი ეფექტი სამომავლო გარიგებებზე გავლენას მოახდენს.

„ამის უფლება სამართლებრივად არ შეეზღუდებათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ სანქციას აქვს მსუსხავი ეფექტი, როდესაც საუბარია, რომ კონკრეტული ბიზნესის წარმომავლობა არის ისეთი ქვეყნიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირები არიან სანქცირებული, ბუნებრივია, კონკრეტული კონტრაგენტისათვის ქმნის პრობლემას. ნებისმიერი ქართული კომპანიის გადმოსახედიდან პრობლემური იქნება, რომ გარიგებაში შევიდეს და გააფორმოს კონკრეტული კონტრაქტი ამა თუ იმ ბიზნესმოთამაშესთან“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

შეგახსენებთ, 2025 წლის 13 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შუამდგომლობა შევიდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო, გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“. წინადადებას ამ ეტაპზე თემთა პალატის 18 წევრი აწერს ხელს.

მერი ტაბატაძე