საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წელს ბრუნვის მოცულობა 4.532 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 5.164 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
ბრუნვის ზრდა ძირითადად იმპორტის ხარჯზე მოხდა. კერძოდ, თუ 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 3.828 მლრდ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2024 წელს იმპორტის მოცულობამ 4.590 მლრდ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს, ის 609.3 მლნ დოლარიდან 477.1 მლნ დოლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამაზე ნაკლები ექსპორტის მოცულობა 2014 წელს იყო, 407.6 მლნ დოლარი. DCFTA-ს გაფორმების შემდეგ კი ფაქტობრივად, ყოველწლიური ზრდა ფიქსირდებოდა. შემცირება 2023 წელს დაიწყო და მაშინ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 609.3 მლნ დოლარი შეადგინა, უკვე შარშან კი ეს მაჩვენებელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 407.6 მლნ დოლარამდე დაეცა.
რაც შეეხება ექსპორტირებულ პროდუქციას, საქართველომ შარშან ევროკავშირში ყველაზე დიდი რაოდენობით თხილი და კაკალი გაყიდა, კავშირის ქვეყნებში კი მსუბუქი ავტომობილები შეიძინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც 2024 წელს საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა.