„გალერია თბილისმა“ სამართლებრივმა ფორმა შეიცვალა - ვინ არიან სამეთვალყურეოს საბჭოს წევრები

„გალერია თბილისმა“ სამართლებრივმა ფორმა შეიცვალა. 2025 წლის 20 იანვარს ცვლილების მიხედვით, „გალერია თბილისი“ შპს-ს ნაცვლად სააქციო საზოგადოება იქნება - ამის შესახებ ირკვევა საჯარო რეესტრში განახლებული მონაცემებიდან.

კომპანიის წილების 100%-ის მესაკუთრე შპს „გალერეა ჰოლდინგია“. ამ უკანასკნელის მფლობელი კი არის შპს „ჯი სი ეფ“, რომელიც ლუქსემბურგში დაარსებული კომპანიაა. აღსანიშნავია ისიც, რომ შპს „გალერეა ჰოლდინგი“ 2017 წლამდე შპს „აქსის თაუერს ჰოლდინგის“ ნაწილი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის გამოყოფა 2017 წელს განხორციელდა.

სს „გალერია თბილისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ქინქლაძეა, საბჭოს კიდევ ორი წევრი კი ივანე ხვედელიძე და დავით გალუაშვილი არიან. გალუაშვილი და ხვედელიძე დაკავშირებულები არიან „თანაინვესტირების ფონდთან“ (იურიდიული სახელი შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“). კერძოდ, დავით გალუაშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ გენერალური დირექტორია, ხოლო ივანე ხვედელიძე მისი მოადგილის პოსტს იკავებს. გარდა „გალერეა ჰოლდინგისა“, გალუაშვილის სახელი ფიგურირებს სს „აქსის თაუერსში“, კერძოდ, გალუაშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის მესაკუთრე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.

შეგახსენებთ, ა(ა)იპ „საგამოძიებო ბიუროს“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ „სანქციების შიშით, ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის ბოლოს, ოფშორებიდან საკუთარი ბიზნესწილების საქართველოში გადმოტანა დაიწყო“. გარდა ბიზნესწილების გადმოტანისა, რიგი ცვლილებები განხორციელდა ივანიშვილის ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებშიც. გარდა ცვლილებებისა, მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძისა და შვილის, უტა ივანიშვილის სახელზე ახალი კომპანიები დარეგისტრირდა. კერძოდ, ხვედელიძის სახელზე ფიქსირდება ახალი სააქციო საზოგადოება „ლუსოლი“, ხოლო უტა ივანიშვილის სახელზე სს „ატუ ჰოლდინგი“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიაზე გადაფორმდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორში, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია.

იხილეთ ასევე:

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე, 20 იანვარს ახალი კომპანია დარეგისტრირდა

ბიძინა ივანიშვილმა პანამური ოფშორული კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე გადააფორმა

უტა ივანიშვილმა ახალი კომპანია დააფუძნა - რა ვიცით კომპანიის შესახებ და კიდევ სად ფიგურირებს მისი სახელი

მერი ტაბატაძე