აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმზეა - რა ეკონომიკური მაჩვენებლებით ხვდება საქართველო ახალ ადმინისტრაციას

2025 წლის 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად დონალდ ტრამპი გახდა. ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ეკონომიკური ურთიერთობებით ხვდება საქართველო შტატების ახალ ადმინისტრაციას და გთავაზობთ ამერიკასთან 2024 წელს განხორციელებული სავაჭრო ურთიერთობების, ფულადი გზავნილების, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით არსებულ მონაცემებს. თუმცა იქამდე უნდა აღინიშნოს ის ფონი, რაც წინ უძღოდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.

2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკების პროცესი, საპასუხო გადაწყვეტილებით უპასუხა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ცნობისთვის, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი. ქარტია რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის, ეკონომიკასა და ვაჭრობას. უფრო კონკრეტულად, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის 4 მთავარი მიმართულება ქარტიის მიხედვით ასეთი იყო: თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფები.

აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში საქართველოსა და ამერიკას შორის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2024 წელს ორ ქვეყანას შორის ბრუნვამ 2.18 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბრუნვაში უდიდესი წილი იმპორტზე მოდის. მაგალითისთვის, მხოლოდ გასულ წელს ამერიკიდან 2.04 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. ამავე პერიოდში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 141 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ashsh-1737453577.jpg

ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების უდიდესი ნაწილი ფეროსილიკონებზე მოდის. 2024 წელს ამერიკაში ფეროსილიკონების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 89.6 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საანგარიშო პერიოდში 5 პროდუქცია, რომლის ექსპორტიდანაც ქვეყანამ ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო, ასე გამოიყურებოდა:

  • ფეროსილიკონები - 89.6 მილიონი დოლარის 72 752 ტონა;
  • ნავთობ ან აირგაყვანილობის შავი ლითონის მილები - 8.4 მილიონი დოლარის 7 891 ტონა;
  • ყურძნის ნატურალური ღვინო - 7 მილიონი დოლარის 1 173 ტონა;
  • თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ნაწილები - 5.68 მილიონი დოლარის 19 ტონა;
  • სილიციუმი - 5.3 მილიონი დოლარი 2 058 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს საქართველომ ამერიკაში ყველაზე მეტი რაოდენობის მსუბუქი ავტომობილები იყიდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს აშშ-დან 150 892 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, რომლის ღირებულებამაც ჯამურად 1.87 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 5 ძირითადი ამერიკული საიმპორტო პროდუქცია ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1.87 მილიარდი აშშ დოლარის 150 892 ერთეული;
  • შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 11 952 ტონა (13 მილიონი დოლარის);
  • თხილი და სხვა კაკალი - 3 752 ტონა (22.9 მლნ აშშ დოლარის);
  • პოლიმერები - 2 290 ტონა (1.9 მილიონი აშშ დოლარის);
  • მეორადი ავტომანქანების ნაწილები - 2 155 ტონა (3.66 მილიონი აშშ დოლარის).

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს საქართველოში აშშ-დან 572.8 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, იქით კი 14.2 მილიონი დოლარი კი გადაირიცხა. როგორც გადარიცხვების, ასევე გადმორიცხვების კუთხით მონაცემები 2023 წელთან შედარებით გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს ამერიკიდან საქართველოში 460.4 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, ხოლო საქართველოდან 17.4 მილიონი დოლარი გადაირიცხა.

რაც შეეხება ინვესტიციებს, საქსტატს ჯერჯერობით მეოთხე კვარტლის მონაცემები არ გამოუქვეყნებია. გასული წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, კი ამერიკიდან საქართველოში 74.4 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა.

123-1737453736.jpg

რაც შეეხება ტურიზმის მაჩვენებლებს, 2024 წელს ამერიკიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 14.2%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს აშშ-დან საქართველოში 61 536 ვიზიტი განხორციელდა, 2024 წელს ეს მაჩვენებლები 70 270 ვიზიტამდე გაიზარდა.

მერი ტაბატაძე