„თბილისში, მხოლოდ დეკემბერში 4 ათასზე მეტი ბინა გაიყიდა - ბაზრის ზომა 292 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი“

2024 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4 039 ერთეული შეადგინა და წინა წლის დეკემბერთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 16%-ით, 292 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია პირველადი ტრანზაქციების (დეველოპერის მიერ გაყიდვები) 26%-იან ზრდასთან, (მეორეული ტრანზაქციები 2%-ით შემცირდა).

გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ. ძველ პროექტებში 2023 წლის დეკემბერთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ფასს, 2024 წლის დეკემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 1%-ით მოიმატა.

2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18% და 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“ - აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი