პანამამ ტრამპის მუქარის შემდეგ არხის შემოწმება დაიწყო

პანამის ხელისუფლებამ ჩინეთთან დაკავშირებული კომპანია Panama Ports Co.-ს აუდიტი დაიწყო, რომელიც პანამის არხის მიმდებარე ორ პორტს აკონტროლებს. ინფორმაციას პანამის აუდიტის სამსახური სოციალურ ქსელ X-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

Panama Ports ჰონგ-კონგის ჰოლდინგ CK Hutchison-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც მილიარდერ ლი კა-შინგს ეკუთვნის.

პანამის გენერალური აუდიტორი, ანელ ბოლო-ფლორესი აცხადებს, რომ აუდიტის მიზანი 25-წლიანი კონცესიის (ხელშეკრულების) პირობების დაცვის შემოწმება და იმის შეფასებაა, იღებს თუ არა მთავრობა შემოსავლის საკმარის წილს იმ ფონზე, როცა 1998 წლიდან ტვირთის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აუდიტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა პანამის ხელისუფლება არხის მუშაობაში ჩინეთის ჩარევის უზრუნველყოფაში დაადანაშაულა. ამასთან, ტრამპმა აშშ-ის კონტროლქვეშ არხის “დაბრუნების” გეგმა დააანონსა.

ცნობისთვის: აშშ არხის მშენებლობას ზედამხედველობდა, რომელიც 1914 წელს გაიხსნა. თუმცა 1999 წელს მასზე სრული კონტროლი პანამას გადასცა. ტრამპმა ამ ნაბიჯს შეცდომა უწოდა და იქ მოქმედი მაღალი გადასახადები დაგმო. არხის გადაკვეთის გადასახადი, რომელშიც მტკნარი წყალი შლუზების მუშაობისთვის გამოიყენება, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2023 წლის ძლიერი გვალვის შემდეგ, რამაც სლოტების გამოყოფაში ჯერ შეზღუდვები, შემდეგ კი ცვლილებები გამოიწვია.

“ჩვენ მეტად ცუდად გვექცეოდნენ ამ უაზრო საჩუქრის გამო, რომელიც არასდროს უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ ის ჩინეთისთვის არ მიგვიცია, ჩვენ მივეცით პანამას და ამჯერად მას უკან დავიბრუნებთ,” - აცხადებს ტრამპი.

პანამის მთავრობამ არხში ჩინეთის ყოფნა არაერთხელ უარყო, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი, ხოსე რაულ-მულინო ამტკიცებს, რომ არხი პანამის კონტროლქვეშ დარჩება.

„არხი საჩუქარი კი არა, მთელი თაობის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია, რამაც კულმინაციას 1999 წელს მიაღწია,“ - წერს X-ზე პანამის პრეზიდენტი.

არხი პანამის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია და მისი წილი ქვეყნის მშპ-ში 3,1%-ს, ხოლო გლობალურ ვაჭრობაში 2,5%-ს შეადგენს. ეს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) მიწოდების მნიშვნელოვანი მარშრუტია მსოფლიოს უდიდეს ექსპორტიორ აშშ-დან ჩრდილოეთ აზიის ქვეყნებში, როგორიც იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ