„მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იზომებოდეს არა იმის მიხედვით, თუ როგორია ლარის კურსი დოლართან მიმართებით, არამედ იმის მიხედვით, როგორია მისი პირადი შემოსავლის მსყიდველუნარიანობა“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომისტმა და სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა
როგორც ცნობილია, წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის 4 თეთრით გაუფასურდა, დაეცა ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც. უფრო კონკრეტულად, თუ 1-ლი იანვრისთვის ერთი დოლარი 2.8138 ლარი ღირდა, ერთი ევრო - 2.9292 ლარი, დღეს კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8515 ლარია, ერთი ევროს - 2.9516 ლარი.
„ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების კვალობაზე, შესაძლოა, მოხდეს დოლარის გამყარება, რამაც გამორიცხული არ არის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის დევალვაცია გამოიწვიოს. მაგრამ, ზოგადად, მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იზომებოდეს არა იმის მიხედვით, თუ როგორია ლარის კურსი დოლართან მიმართებით, არამედ იმის მიხედვით, როგორია მისი პირადი შემოსავლის მსყიდველუნარიანობა.
თუ შემოსავალი იზრდება, მაშინ კურსის თანაფარდობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ თუ მსყიდველუნარიანობა მცირდება, მაშინ აქვს მნიშვნელობა, პირობითად 100 ლარით უფრო მეტი საქონლის შეძენა შეიძლება თუ ნაკლების. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება ლარის დევალვაციის შემთხვევაშიც კი“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.