Starbucks-მა მომხმარებლებს შეკვეთის გარეშე ყავახანაში ყოფნა და საპირფარეშოთი სარგებლობა აუკრძალა

ყავახანების ამერიკულმა ქსელ Starbucks-მა შიდა წესები განაახლა და მომხმარებლებს, რომლებიც არაფერს უკვეთავენ, კაფეში ყოფნა ან მისი საპირფარეშოთი სარგებლობა აუკრძალა.

ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელმაც ახალი წესების შესახებ ქსელის თანამშრომლებისთვის დაგზავნილი შეტყობინება მოიპოვა.

Starbucks წესების ცვლილებას ახალი პოლიტიკით ხსნის, რომელიც უსაფრთხოების გაზრდასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. Starbucks-მა, ასევე, მსყიდველობითი ტრაფიკის შემცირებასთან ბრძოლა დააანონსა.

კომპანიის ახალი წესები ჩრდილოეთ ამერიკის 11,000 დაწესებულებაში 27 იანვრიდან ამოქმედდება. ბარისტები შეძლებენ, კაფე დაატოვებინონ მათ, ვისაც არაფერი შეუკვეთავს. ყავახანაში უფასო წყალიც მხოლოდ მომხმარებლებისთვის და მათი თანმხლები პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ საზოგადოების წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვის მიერ ან რისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული ჩვენი სივრცეები,“ - წერს Starbucks-ის ჩრდილოეთ ამერიკის პრეზიდენტი, სარა ტრილინგი თანამშრომლებისთვის დაგზავნილ წერილში.

წესები, რომლებიც მომხმარებლებს არაფრის შეძენის გარეშე Starbucks-ის ყავახანებში დარჩენის საშუალებას აძლევდა, 2018 წლიდან მოქმედებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ