წელს მთავარი გლობალური რისკი სახელმწიფოებს შორის ახალი შეიარაღებული კონფლიქტების ალბათობაა. ამის შესახებ Global Risk Report 2025-ში წერია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მიერ 20 იანვარს დავოსის სამიტის გახსნასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
ანგარიშში რისკების გლობალური კვლევის შედეგები არის წარმოდგენილი, რომელიც მთელი მსოფლიოდან 900-ზე მეტი ექსპერტის შეფასებას აერთიანებს. ისინი სამი პერიოდის, ანუ მოკლევადიან (2025), საშუალოვადიან (2027 წლამდე) და გრძელვადიან (2025 წლამდე) გლობალურ რისკებს აანალიზებენ.
მაგალითად, საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავარი რისკი დეზინფორმაცია და ცრუ ინფორმაცია, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ამინდის ექსტრემალური მოვლენებია.
მთავარი დასკვნა ის არის, რომ გეოპოლიტიკურ, ეკოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში გლობალური პერსპექტივები სულ უფრო გაურკვეველი ხდება.
„როგორც ჩანს, ცივი ომის შემდეგ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე გაურკვეველ პერიოდში ვცხოვრობთ და ეს ჩვენს დასკვნაზეც აისახება, რომელიც სამივე პერიოდის ჰორიზონტზე ბნელ პერსპექტივებს აჩვენებს,“ - წერენ WEF-ის ექსპერტები.
მათი უმეტესობა, ანუ 52% არასტაბილურ გლობალურ პერსპექტივას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხოლო 62% მომდევნო ათი წლის განმავლობაში მოელის.
2025 წელს მოსალოდნელი გლობალური რისკების ტოპ 10-ეულია:
- სახელმწიფოებს შორის შეიარაღებული კონფლიქტები - მოიცავს ომებს, ტერორიზმს, გადატრიალებებსა და სამოქალაქო კონფლიქტებს, რაც გლობალურ არასტაბილურობას ზრდის;
- ამინდის ექსტრემალური მოვლენები - სულ უფრო ძლიერდება კლიმატის ცვლილებით, რაც ნგრევას იწვევს და ეკონომიკურ მდგრადობას ძირს უთხრის;
- გეოეკონომიკური კონფრონტაციები - სანქციები, ტარიფები და ეკონომიკური იზოლაცია გლობალურ ეკონომიკას საფრთხეს უქმნის;
- დეზინფორმაცია და ცრუ ინფორმაცია – სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ცრუ ინფორმაციის გავრცელება საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და ნდობას;
- საზოგადოების პოლარიზაცია - ძლიერდება უთანასწორობითა და ღირებულებების განსხვავებით, რაც სოციალურ კონფლიქტებს აღრმავებს;
- ეკონომიკური ვარდნა - გლობალური სტაგნაცია ან რეცესია, ინვესტიციების კლება, უმუშევრობის ზრდა, საერთაშორისო ვაჭრობის შესუსტება, რაც გლობალურ და ეროვნულ დონეზე ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს;
- დედამიწის ეკოსისტემების კრიტიკული ცვლილება - ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და გარემოს დეგრადაცია პლანეტის მდგრადობას ემუქრება;
- ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობა - მიგრაციულ ნაკადსა და სოციალურ უკმაყოფილებას ზრდის;
- ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ეროზია - სიტყვის, შეკრების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თავისუფლების შესუსტება, სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება, ცენზურის გაზრდა და სათვალთვალო ტექნოლოგიების დანერგვა;
- უთანასწორობა – ღრმავდება ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით, რაც არასტაბილურობას ზრდის.