„ოფშორების შესახებ" კანონი იყო მზადება სანქციებისთვის, ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ამისთვის ემზადება - დრამატიზებული მგონია რიტორიკა, რომ ივანიშვილი გაკოტრდება - მარინა გულედანი

„ოფშორების შესახებ“ კანონი იყო მზადება ამ სანქციებისთვის და როდესაც ამ ქმედებებს რეტროსპექტიულად ვუყურებ, მათ შორის, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ამისთვის ემზადება. მეჩვენება, გარკვეული ნაბიჯები ამ ადამიანს მანამდეც აქვს გადადგმული, - ამის შესახებ კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა მარინა გულედანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გულედანის თქმით, ივანიშვილს კავშირები აქვს რუსეთსა და ირანში, რომლებსაც, თავის მხრივ, სანქციებისგან თავის არიდების გამოცდილება გააჩნიათ და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს კონსულტაციებიც ექნება მათგან მიღებული.

„ამერიკულმა სანქციათა გადაწყვეტილებამ ძალიან კონკრეტული გზავნილი გამოუშვა, რომელიც უტოვებს ბიძინა ივანიშვილს მანევრირების საშუალებას, რომ უკან დაიხიოს და შეცვალოს ქმედება, რა შემთხვევაშიც შეუმსუბუქდება ის შეზღუდვა, რომელიც დაუწესდა, ოჯახის წევრებს არ შეეხო და, პრაქტიკულად, კომპანიებს არ შეეხო, რაც ძალიან დიდი შეღავათია. ანუ, ფიზიკურად მას შეეხო მარტო და მის გარემოცვასა და კომპანიებს არ შეხებია.

ბრიტანული რეჟიმის შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი რუსული ხაზით წავიდა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება მთელი რიგი ფინანსური მომსახურებების კონტექსტში, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების სამართავად. მათ შორის, ეს ეხება სატრასტო მომსახურებას, სასესხო ხაზებს, ნებისმიერ საინვესტიციო-საბროკერო მომსახურებას და ეს არის მომსახურებების ის სეგმენტი, რომელთა გარეშე სახსრებისა და ფინანსური დოვლათის მართვა არის შეუძლებელი. ამ გადასახედიდან ეს არის ძალიან მძიმე.

ბრიტანეთის იურისდიქცია არ არის მხოლოდ ბრიტანეთი. ეს არის მინიმუმ 14 დაკავშირებული იურისდიქცია, რომელზეც ვრცელდება ბრიტანული კანონმდებლობა და, შესაბამისად, თუ ივანიშვილსა და მის ოჯახს გააჩნია ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიები, რომლებზეც ვრცელდება ბრიტანული კანონმდებლობა და ვიცით, რომ ეს ასეა, ასეთ შემთხვევა, მთელი ოფშორული სივრცე ამ შეზღუდვებში მოექცევა.

ცხადია, რომ "ოფშორების შესახებ" კანონი იყო მზადება ამ სანქციებისთვის და როდესაც ამ ქმედებებს რეტროსპექტიულად ვუყურებ, მათ შორის, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ჩემთვის ძალიან ცხადია, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია ამისთვის ემზადება, ამიტომ, ის რიტორიკა, რომ ივანიშვილი გაკოტრდება, მგონია, რომ არის დრამატიზებული იმიტომ, რომ მეჩვენება, გარკვეული ნაბიჯები ამ ადამიანს მანამდეც აქვს გადადგმული.

აშკარა არის, რომ მისი საქმიანობა დაახლოებულია და კონტაქტები აქვს რუსეთშიც, ირანშიც, ანუ ესენი არის ქვეყნები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ დაგროვილი სანქციებისგან თავის არიდებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მას მიუწვდება ხელი ისეთ მომსახურებაზე, მათ შორის, სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვის შესახებ, როგორ მოახდინოს სანქციების არიდება. ამის თაობაზე მას კონსულტაციები იქნება მიღებული შემუშავებული ექნება გეგმა”, - განაცხადა მარინა გულედანმა.