„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პანამური ოფშორული კომპანიის Limestone Finance International-ს საკუთრებაში არსებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე გადააფორმა. ივანიშვილი Limestone Finance International SA-ს მეშვეობით, საქართველოში 7 კომპანიას (შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“) ფლობდა. საჯარო რეესტრის 2025 წლის 17 იანვრის ამონაწერით, ეს კომპანიები ახლა სააქციო საზოგადოება „ტერას“ საკუთრებაშია.
ამასთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 2024 წლის 31 დეკემბერს საქართველოში სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დააფუძნა. კიდევ ერთი სააქციო საზოგადოება, „ლუსოლი“ 2025 წლის 20 იანვარს ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე შეიქმნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულმა „თბილისი გალერიმ“ და სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი განმარტავს, რომ სააქციო საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს სანქციების შემთხვევაში უკეთ მანევრირების საშუალებას მისცემს, ვიდრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სააქციო საზოგადოების აქციების მესაკუთრეთა ვინაობა კონფიდენციალურია.
„უნდა დაგიდასტუროთ ეს გარემოება (სს სანქცირების შემთხვევაში აქტივების დაცვის მექანიზმი შესაძლოა იყოს). რომ განვმარტოთ, შპს-ს არსებობის შემთხვევაში კომპანიის წილები გამჭვირვალედ ჩანს. სს-ის არსებობის შემთხვევაში, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ არასდროს გვეცოდინება, ვინ არის კომპანიის რეალური აქციონერი. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში აქციები რეგისტრირდება და აღრიცხული არის საქართველოში არსებულ კერძო კომპანიაში. თუ არ ვცდები, საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული 2-3 აქციათა რეგისტრატორი კომპანიაა. აქციონერთა შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, შესაბამისად, სააქციო საზოგადოებაში აქციონერი ვინ არის, ვერ ვხედავთ.
თუკი რაიმე მანიპულაცია მოხდება ამ სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგებში, ვერაფერს ვხედავთ და ვერც გავიგებთ ვინმემ გაყიდა, თუ შეიძინა აქციები. აქციების კანონმდებლობიდან და საერთაშორისო კლასიფიკატორებიდან გამომდინარე, არის შემთხვევები, როდესაც ემიტენტები (არაპირდაპირი მფლობელები) ფლობენ აქციებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, თუ მე ვარ აქციების მესაკუთრე, შემიძლია აქციების პირობითად 90% თქვენ მოგანდოთ და გადმოგიფორმოთ. შედეგად, თქვენ იქნებით ამ აქციების ნომინალური მფლობელი, თქვენ გამოჩნდებით სააქციო საზოგადოებაში, მაგრამ ვის აქციებს ფლობთ, ეს იქნება დაფარული“, - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.
შეგახსენებთ, ზემოთ აღნიშნულ მოვლენებს წინ უსწრებდა 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება, რომელიც ამ ეტაპზე არ ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე.
2025 წლის 13 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით მიმართა. ინიციატივას ამჟამად თემთა პალატის 20 წევრის ხელმოწერა აქვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, თუ ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, სანქციების რეჟიმის ქვეშ მოექცევა 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის:
„გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.