„საქართველოში არის არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი კრიზისი“,- ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი შედარებით მარტივად მოგვარებადია, ოჯახებში არსებული განხეთქილებები კი, ბევრად რთული პრობლემაა.
„შიგა პოლიტიკურად რომ დაძაბულია ქვეყანაში სიტუაცია, ვხედავთ. აქ გამოიყენება ასეთი ტერმინიც, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი, მე ამ მიდგომას არ ვიზიარებ. საქართველოში არის არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი კრიზისი. საზოგადოებაა გახლეჩილი. საზოგადოებრივი გახლეჩა ბევრად უფრო რთულია, დაწყებული გვაქვს 1991 წლიდან და ეს „ავადმყოფობა“ სამწუხაროდ, დღემდე მოდის. პოლიტიკოსები შეიძლება რაღაცაზე მოილაპარაკონ, შევიდნენ პარლამენტში, არ შევიდნენ, მაგრამ საზოგადოების გახლეჩილობა რჩება, ეს არის ბევრად უფრო რთული. მაგალითად, პოლიტიკური კრიზისია გერმანიაში და მთავრობა გადადგა, იმიტომ, რომ კოალიცია დაიშალა, პოლიტიკური კრიზისია საფრანგეთი და შერყეულია პრეზიდენტ მაკრონის მდგომარეობა.
ასე რომ, პოლიტიკური კრიზისები არის ის ვითარება, როდესაც მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ გააქვს თავისი პროექტები, რომლის განხორციელება უნდოდა და ინიშნება ვადამდელი არჩევნები. საქართველოში ასეთ რამ არ არის. პარლამენტი შეიკრიბა, მთავრობა დაამტკიცეს, პრეზიდენტიც აირჩიეს, და, მეტსაც გეტყვით, ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, სამმა ბიუჯეტიდან სწორედ ის დაფინანსება მიიღო, რა პროცენტებიც დაუბრუნდათ არჩევნებიდან. ეს არის ირიბად აღიარება ლეგიტიმურობის [პარლამენტის].
საზოგადოებრივი კრიზისი აისახა ოჯახებზე, ოჯახის წევრებზე, დაპირისპირება, განხეთქილებაა, ეს ბევრად უფრო რთული პრობლემაა. პოლიტიკური პრობლემები ასე თუ ისე უფრო ადვილად გადაწყვეტადია, ვიდრე საზოგადოებრივი პრობლემები, ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს აქცენტი გადასატანია იმაზე როგორ შეიძლება საზოგადოებრივი განხეთქილება, კრიზისი... [ მოგვარდეს]. ეს სწრაფად ვერ დარეგულირდება.
რაც შეეხება საერთაშორისო ფაქტორს, ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ არის საკმაოდ დიდი ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით როგორი იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი მეორეჯერ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 47-ე პრეზიდენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი განცხადებები არასტანდარტულია, თუმცა ტრამპმა აჩვენა, რომ ის საკმაოდ მოქნილია. გავიხსენოთ, რამდენიმე თვის წინ სანამ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია იყო, ის ამბობდა, რომ 1 თვეში დაასრულებდა უკრაინის ომს. ახლა საუბრობს უკვე სხვა სიტყვებით, ამიტომ ისიც გარკვეულწილად ცდილობს პოზიციები მოარგოს რეალობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, მისგან როგორი იქნება დამოკიდებულება, მსოფლიო წესრიგის მოწყობაში. საქართველო ის მოთამაშე არ არის, რომელსაც შეუძლია მსოფლიო წესრიგის მოწყობაზე რეალური ზეგავლენა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოზე ყველაფერი მოქმედებს“- განაცხადა ლადო პაპავამ.
ამასთან, აკადემიკოსმა დასძინა, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში, მოქალაქეები ცდილობენ რისკების დაზღვევის მიზნით, დანაზოგი გადაიყვანონ უცხოურ ვალუტაში, რითაც ხელს უწყობენ ლარის გაუფასურებას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ორი თვეა იმართება ყოველდღიური საპროტესტო აქციები. აქციები გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, ადამიანები ცდილობენ, თავი დაიზღვიონ, რისკები შეამცირონ და დანაზოგი გადაიყვანონ უცხოურ ვალუტაში. ამით კიდევ უფრო ზრდიან მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ხელს უწყობენ ლარის გაუფასურებას.
თუმცა, ლარს ცუდი არაფერი ემუქრება, თუ სიტუაცია არ შეიცვალა და იგივე მდგომარეობაში დარჩა ქვეყანაში, როგორშიც დღესაა“, - განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ თითქმის 2 თვეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
ამასთან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის დოლართან მიმართებით თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.8446 ლარი ღირდა, გუშინ დადგენილი კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8612 ლარია.