„გასულ წელს 3000 ტონა ნუშის მოსავალი მივიღეთ“ - როგორია ფასები

გასულ წელს საქართველოში 3000 ტონა გაუტეხავი ნუშის მოსავალი მოვიდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნიკო ნიკოლაძე აცხადებს.

როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, 1 კგ. ნაჭუჭგაცლილი ნუშის ფასი ხარისხის მიხედვით 16-20 ლარის ფარგლებში მერყეობდა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ფასები შემცირდა და საერთაშორისო ფასებს დაუახლოვდა, რამაც მოხმარების ზრდა განაპირობა.

„ექსპორტი ნაკლებად ფიქსირდება. ყოველწლიურად რა მოთხოვნაც გვაქვს ხოლმე ბაზარზე, ამ მოთხოვნას წლევანდელი მოსავალი უპასუხებს, მცირედი კომპენსირება დაგვჭირდება იმპორტით. მომავალ წელს ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილება მოხდება, თუმცა, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ მოხმარება არ გაიზარდა“, - აღნიშნავს ნიკო ნიკოლაძე.

კითხვაზე, რა ძირითად გამოწვევებს ელოდებიან ნუშის მწარმოებლები 2025 წელს, ნიკოლაძის თქმით, მთავარი გამოწვევა ხარჯების მინიმიზაცია და მოსავლის აღების პროცესში ნუშის ხარისხის შენარჩუნება იქნება.

„გამოწვევა დაკავშირებული იქნება მოსავლის აღებასთან და დაბინავებასთან. მოგეხსენებათ, რომ ნუში ახალი კულტურაა, ნუშის ინდუსტრიულად მოყვანა დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყეთ, შესაბამისად, გამოცდილება დიდად დაგროვილი არ არის ქვეყანაში იმისთვის, რომ სწორად მოვახერხოთ მოსავლის აღება.

აგრეთვე გამოწვევა იქნება ერთ ჰექტარზე საკმარისი რაოდენობის მოსავლის მიღება (საუბარია 1 ჰა-ზე მინიმუმ 2000 კგ ნუშის გულზე), ეს ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და რიგ შემთხვევაში პრობლემის გამოსწორება შეუძლებელია არასწორად მიღებული აგრო-ინჟინრული გადაწყვეტილებების გამო, რაც პირველი ტალღის დროს გაშენებულ ბაღებში მიიღეს“, - დასძინა ნიკოლაძემ.

2024 წელს ნაჭუჭიანი ნუშის იმპორტი 49%-ით, ხოლო ნუშის გულის - 25%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს იმპორტირებულია 427 ტონა ნაჭუჭიანი ნუში (435 ათასი დოლარის), ხოლო 2024 წელს 282 ათასი დოლარის 218 ტონა. რაც შეეხება ნუშის გულს, 2023 წელს 4.88 მილიონი დოლარის ღირებულების 1372 ტონა შემოვიდა იმპორტზე, მომდევნო წელს კი 4.37 მილიონი დოლარის 1 018 ტონა.

რაც შეეხება ქართული პროდუქციის ექსპორტზე, წლიურად 45%-ით არის შემცირებული ნაჭუჭიანი ნუშის ექსპორტი, ნუშის გულის კი 485%-ით გაზრდილია. კერძოდ, 2023 წელს ექსპორტზე გავიდა 149 ტონა (186 ათასი დოლარის) ნაჭუჭიანი ნუში, ხოლო 2024 წელს 225 ათასი დოლარის 217 ტონა. ამასთანავე, 2023 წელს ექსპორტზე გავიდა 143 ათასი დოლარის 27 ტონა ქართული ნუშის გული, ხოლო მომდევნო წელს 565 ათასი დოლარის 158 ტონა.

მერი ტაბატაძე