„რაც მეტ ძალისხმევას გამოიჩენს [სებ-ი] და ჩაერევა, რომ დაიჭიროს კურსი შემდეგი 2-4 თვის განმავლობაში, მით უფრო მტკივნეული და მასშტაბური გაუფასურება იქნება“ - ამის შესახებ ISET კვლევით ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, 2025 წლის განმავლობაში, დოლარი 3 ლარს გადასცდება, მთლიანი წლის პერიოდში კი, სავარაუდოდ, 3 ლარის ოდნავ ქვემოთ ნიშნულთან შენარჩუნდება.
„მოკლევადიან სირთულეებზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველი ნიშნები უკვე ჩანს და დიდი ალბათობით, ეს კიდევ გაგრძელდება, კერძოდ, ლარის გაცვლით კურსი გარკვეული ტემპით გაუფასურებას, ალბათ, გააგრძელებს. მე ვფიქრობ, რაც მეტ ძალისხმევას გამოიჩენს [სებ-ი] და ჩაერევა, რომ დაიჭიროს კურსი შემდეგი 2-4 თვის განმავლობაში, მით უფრო მტკივნეული და მასშტაბური გაუფასურება იქნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით რისკიც შეიძლება გააჩინოს. ამიტომ ის, რაც გააკეთა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პერიოდში, ალბათ, მსგავსი მონდომებით, არ მოინდომებს გაცვლით კურსის დაჭერას, იმიტომ, რომ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი და რეზერვები, რომელსაც ის ამ მიზნობრიობით იყენებს, მნიშვნელოვნად მცირდება და საკმაოდ ახლოს არის კრიტიკულ ნიშნულთან. ამ კონტექსტში ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა შედარებით უფრო დაბალია.
რაც შეეხება საპროგნოზო მაჩვენებელს, რაღაც მომენტში ალბათ, 3 ლარს გადასცდება [დოლარის ღირებულება], თუმცა 2025 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ 3-ის ოდნავ ქვემოთ ნიშნულთან შენარჩუნდება. გადაცდენით, რაღაც მომენტში გადასცდება, მაგრამ იმედია, რომ მნიშვნელოვნად, არა.
შემდეგი ფაქტორი, ანუ გაცვლით კურსი მნიშვნელოვანია ჩვენთვის თავისი როლითაც, როგორც განმაპირობებელი ფაქტორი ინფლაციის. იმიტომ, რომ კარგად იცით, ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე და სწორედ ამ არხით, გაუფასურებული გაცვლით კურსით, გაძვირებული იმპორტირებული საქონლით, გავლენას მოახდენს ინფლაციაზე“,- განაცხადა გიორგი პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ თითქმის 2 თვეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
ამასთან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის დოლართან მიმართებით თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.8446 ლარი ღირდა, გუშინ დადგენილი კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8627 ლარია.