რუსეთში არსებული გაზის ფასები “გაზპრომის” რესურსების საჭიროებებს ვეღარ ფარავს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაზის მიწოდების საიმედოობაზე აისახება.
ამის შესახებ”გაზპრომის” სტრატეგიული ბლოკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი სახაროვმა სახელმწიფო სათათბიროსთან არსებულ ექსპერტთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რასაც “ინტერფაქსი” ავრცელებს.
მისი თქმით, რუსი მომხმარებლებისთვის გაზის ღირებულება იმ დონემდე უნდა გაიზარდოს, რომ “გაზპრომს” რეგიონების გაზიფიცირებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალება მიეცეს.
ტოპ მენეჯერის თქმით, ასევე, აუცილებელია გაზის ტრანსპორტირების ტარიფების გასამმაგება დამოუკიდებელი მწარმოებლებისთვის, რადგან “გაზპრომი” ამჟამად მათ გაზს ზარალზე ქაჩავს. კერძოდ, 2015 წლიდან გაყინული ტარიფით, ათასი კუბურ მეტრის 100 კილომეტრზე ტრანსპორტირება 62,5 რუბლს (0,65 დოლარს), ხოლო კომპანიის ხარჯი 109 რუბლს (1,10 დოლარს) შეადგენს. ამდენად, “გაზპრომი” ტრანსპორტირების ფასის 170 რუბლამდე (1,70 დოლარამდე) გაზრდას მოითხოვს.
უკრაინის ომის დაწყებიდან რუსეთის მთავრობამ მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფების 10 წელზე მეტი ხნის პერიოდის რეკორდული ინდექსაცია უკვე განახორციელა. კერძოდ, გაზის ფასი ჯერ 2022 წლის ზაფხულში 3%-ით, იმავე წლის დეკემბერში 8,5%-ით, ხოლო 2024 წელს უკვე 11,2%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ახალი, 10,2%-იანი ინდექსაცია იგეგმება, რის შემდეგაც უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან გაზის ფასების შეკრებილი ზრდა 37%-ს შეადგენს.
წელს კიდევ უფრო მეტად, ანუ 21,3%-ით გაიზრდება გაზის ფასი ელექტროენერგეტიკული კომპანიებისთვის და საბინაო-კომუნალური მომსახურების ობიექტებისთვის, რაც “გაზპრომს” 33 მლრდ რუბლის (334 მლნ დოლარის) დამატებით შემოსავალს მოუტანს.
ცნობისთვის: “გაზპრომმა,” რომელმაც საკვანძო ევროპული ბაზარი დაკარგა, 2023 წელს 629 მლრდ რუბლის (6,36 მლრდ დოლარის) სუფთა ზარალი ნახა და 1999 წლის შემდეგ წელი მინუსით პირველად დაასრულა. მართალია, 2024 წელს კომპანია მოგებას დაუბრუნდა, რამაც იანვარ-სექტემბერში 989 მლრდ რუბლი (10 მლრდ დოლარამდე) შეადგინა, თუმცა მისი გაზის ბიზნესი ღრმად წამგებიანი დარჩა და წლის პირველ ნახევარში ზარალმა 480,6 მლრდ რუბლი (4,86 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამასთან, 2025 წლის 1 იანვრიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტით “გაზპრომი” დამატებით 6 მლრდ დოლარის წლიურ შემოსავალს კარგავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ