„საქართველოში გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მნიშვნელოვნად უარესდება“ - ეკონომისტი

„გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში“, - ამის შესახებ ISET კვლევით ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ის კრიტიკულად გაუარესებული დამოკიდებულება, რაც დღეს საქართველოდან დასავლეთს მიმართ ჩანს, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინვესტიციებზე და ნებისმიერ ეკონომიკურ ურთიერთობაზე.

„ჩემი აზრით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შედეგებს როცა ვაანალიზებთ, ყველაზე უფრო მტკივნეული და გულდასაწყვეტი არის ის, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში. კონკრეტულად, მაგალითად, 2025 წელს ზრდა [ეკონომიკური] რა მაჩვენებელზე გვექნება, ეს ნაკლებ მნიშვნელოვანი მგონია, იმასთან შედარებით, თუ როგორ უარესდება ის პერსპექტივა, რაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ჰქონდა, თუნდაც ერთი ან რამდენიმე წლის წინ. აქ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ, არა მარტო ექსპერტები ან დამოუკიდებელი აზრის მქონე ადამიანები, არამედ სახელმწიფოც მუდამ ხაზს უსვამდა იმას, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია, იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ზონის შესახებ შეთანხმება იყო ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში, იყო ის ბიძგი, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი უნდა ჩაეყარა. სწორედ ამ პერსპექტივას ვკარგავთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, ის კრიტიკულად გაუარესებული დამოკიდებულება, რაც საქართველოდან დღეს ჩანს დასავლეთს მიმართ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინვესტიციებზე და ნებისმიერ ეკონომიკურ ურთიერთობაზე.

ამასთან ერთად, კრიტიკულად ნეგატიური იქნება ეფექტები იგივე დონორების მიერ გაკეთებულ მხარდაჭერაზე. ეს ყველაფერი გადაითარგმნება იმაში, რომ ერთის მხრივ, ქვეყანაში შემოვა ნაკლები ინვესტიციები დასავლეთიდან, ნაკლები ძალისხმევა ჩაიდება ქვეყნის ინსტიტუტების განვითარებაში და ნაკლები პერსპექტივა ექნება ქართულ ბიზნესს კონკურენტულ ბაზრებზე გასასვლელად“,- განაცხადა გიორგი პაპავამ. შეგახსენებთ, რომ თითქმის 2 თვეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.

ნინი ქეთელაური