2024 წელს, პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ნაწილში, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი 10 შემთხვევაში დაისვა - ანგარიში

„2024 წელს, პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების საკითხების შესწავლის შემდეგ, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი 10 შემთხვევაში დაისვა“. ამის შესახებ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტს უკვე წარედგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გასულ წელს, რეგულირების სააგენტომ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხების შესწავლის მიზნით, მეწარმის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით, სასამართლოებს შუამდგომლობით 399 შემთხვევაში მიმართა.

„ამ 399 საქმიდან, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხის შესწავლა 48 შემთხვევაში დასრულდა. მათგან დარღვევები არ გამოვლინდა - 29 შემთხვევაში; გამოვლენილი დარღვევების გამო, სამედიცინო დაწესებულების/სამედიცინო პერსონალის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - 8 შემთხვევაში; გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, პროფესიული განვითარების საბჭოზე დაისვა ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი - 10 შემთხვევაში; კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას - 1 შემთხვევა.

349 შემთხვევაში, კომისიურად, სამედიცინო დაწესებულებებში საკითხის შესწავლა დასრულებულია, მიმდინარეობს კლინიკურ შეფასებები დარგის სპეციალისტების მიერ. 2 შემთხვევაში გრძელდება ადგილზე კომისიურად შესწავლა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობების საფუძველზე, სასამართლოების მიერ გაცემული ბრძანებების თანახმად, ყველა შემთხვევაში განხორციელდა რეაგირება.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა