რომელი ავიაკომპანია კარგავს ყველაზე ხშირად მგზავრის ბარგს და რომელია ყველაზე სანდო გადამზიდავი - OddsMonkey-ის რეიტინგი

კომპანია OddsMonkey-მ იმ ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც მგზავრების ბარგს ყველაზე ხშირად კარგავენ. ამ მხრივ კომპანიამ, ასევე, ყველაზე სანდო ავიაგადამზიდავები გამოავლინა.

ინფორმაციას Daily Express ავრცელებს.

რეიტინგის შესადგენად ექსპერტებმა Tripadvisor-ზე 700,000-ზე მეტი გამოხმაურება გააანალიზეს, ასევე, Luggage Losers-ის მონაცემთა ბაზა შეისწავლეს, რომელიც 18,000-ზე მეტი აეროპორტიდან და ავიაკომპანიიდან ბარგის პირდაპირ მიწოდებებს აკონტროლებს. მთლიანობაში 25 პოპულარული ავიაკომპანია იქნა გამოკვლეული.

ავიაკომპანიების სიაში, რომლებსაც დაკარგული ბარგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ირლანდიური Aer Lingus ლიდერობს. მის შესახებ Tripadvisor-ზე 14,003 გამოხმაურებიდან 3.14%-ში დაკარგულ ბარგზე არის საუბარი. ეს ნიშნავს, რომ ყოველ 100 გამოხმაურებაში სამზე მეტი მგზავრი დანიშნულების ადგილამდე არმისული ბარგის პრობლემაზე წერს.

ანტირეიტინგში მეორე ადგილზე კენიის Kenya Airways გავიდა, რომლის შესახებაც მომხმარებელთა კომენტარების 3.03% დაკარგულ ბარგს შეეხება, ხოლო მესამე პოზიციას 2.58%-ით Air Canada იკავებს.

დაკარგული ბარგის ყველაზე ნაკლები რაოდენობით პოპულარულ ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავები გამოირჩევიან. კერძოდ, ბრიტანული Jet2-ის მგზავრებიდან ამ პრობლემაზე მხოლოდ 0.28%, ირლანდიურ Ryanair-ის კლიენტებიდან 0.32% საუბრობს, ხოლო Wizz Air-ის მომხმარებელთა კომენტარებიდან დაკარგული ბარგი 0.50%-ში არის ნახსენები.

ამასთან, კვლევამ Luggage Losers-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ავიაკომპანიები ბარგის დაკარგვის ალბათობითაც შეაფასა. ამ მხრივ ლიდერი ამერიკული Frontier Airlines-ია, რომლის 22 მგზავრიდან ერთს ბარგის დაკარგვის რისკი ემუქრება. შემდეგი Air India და, ასევე, ინდური IndiGo-ა.

ბარგის დაკარგვის ყველაზე დიდი რისკის მქონე ხუთი ავიაკომპანია შემდეგია:

  • Frontier Airlines (აშშ)
  • Air India (ინდოეთი)
  • IndiGo (ინდოეთი)
  • British Airways (გაერთიანებული სამეფო)
  • Iberia (ესპანეთი)

ბარგის დაკარგვის ყველაზე ნაკლები ალბათობით შემდეგი ხუთი ავიაკომპანია გამოირჩევა:

  • Jet2 (დიდი ბრიტანეთი)
  • Ryanair (ირლანდია)
  • easyJet (დიდი ბრიტანეთი)
  • Air France (საფრანგეთი)
  • Wizz Air (უნგრეთი)

მოამზადა ლადო სულაბერიძემ