სომხეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის მიხედვით, 2024 წელს ქვეყნებს შორის 853.711 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, ეს მაშინ როდესაც წინა წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1.123 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, საქართველოდან სომხეთში ექსპორტი 787.159 მლნ აშშ დოლარიდან 617.533 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ხოლო, სომხეთიდან იმპორტი 336.529 მლნ აშშ დოლარიდან 236.177 მლნ დოლარამდე.
2024 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო პროდუქტებს შორის იყო ავტომობილები, საწვავი, სპირტიანი სასმელები და ა.შ.
სომხეთი საქართველოსთვის მესამე ადგილზეა შემოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში სომხეთის 948 299 მოქალაქე შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 12.7%-ია. თუმცა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, სომხეთიდან შემომსვლელთა რაოდენობა 1,5%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, 2024 წლის დეკემბერში სომხეთიდან საქართველოში 1.302 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო საქართველოდან აღნიშნულ ქვეყანაში 1.042 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა. სტატისტიკის მიხედვით, სომხეთი ფულად გზავნილებში საქართველოსთვის 25 ქვეყანას შორისაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში სომხეთიდან საქართველოში 5.777 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე კვარტალში 3.481 მლნ აშშ დოლარის, ხოლო პირველ კვარტალში 6.905 მლნ აშშ დოლარის. გამოდის, 3 კვარტალში (IV კვარტალი ჯერ ცნობილი არ არის) ჯამურად 16.163 მლნ აშშ დოლარის სომხური ინვესტიციაა განხორციელებული.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.