დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში გარკვეული ბიზნესებისა თუ მოქალაქეებისთვის ცვლილებები შედის ძალაში. კერძოდ, ეს ეხება სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ადამიანებსა და პიროტექნიკის იმპორტითა და რეალიზაციით დაკავებულ ადამიანებს.
1-ლი თებერვლიდან სამშენებლო სექტორში დასაქმებულებს შეღავათები უუქმდებათ. საქმე ეხება საშემოსავლო გადასახადს, რომელიც დღემდე სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის 1%-ს შეადგენდა.
თუმცა, 1-ლი თებერვლიდან, თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. შედეგად, მათი დაქირავება გაუძვირდება სამშენებლო სექტორსაც.
აღსანიშნავია, ისიც რომ სამშენებლო სფეროს წარმომადგენელ სუბიექტს არ შეეზღუდება ფიზიკური პირებისთვის მომსახურება და ამ შემთხვევაში კვლავ შეეძლებათ მცირე მეწარმის სტატუსი მიიღონ და მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.
2025 წლის 1-ლი თებერვლიდან საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ნებართვას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.
აღსანიშნავია, რომ ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს ექნება, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს.
რაც შეეხება ლიცენზიის საფასურს, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ასევე, ნებართვის 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემისთვის საფასურის ოდენობა – 500 ლარი, ხოლო ათი სამუშაო დღის ვადაში − 1 000 ლარი იქნება.
რაც შეეხება კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობას, ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა/ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დასჯადი იქნება და გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ათასი ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით ჩადენაზე კი ფულადი სანქცია 6 ათასი ლარი იქნება. ასევე დარღვევის შემთხვევაში, სანქციის სახით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციაც.
აღსანიშნავია, ისიც, რომ იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელიც კანონის ამოქმედებამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტს, ექსპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას ახორციელებდნენ, გარდამავალი პერიოდი დაუწესდათ. კერძოდ, მათ 2025 წლის 1-ელ მარტამდე უნდა უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. აგრეთვე, 2025 წლის 1-ელ მარტამდე პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების და რეალიზაციის ნებართვა/ლიცენზიის მიღების მიზნით სააგენტოს უნდა მიმართონ.