„ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება, სანამ ვითარებას რუსეთი აკონტროლებს - რუსეთი შუა დერეფნის პროექტის მიმართაც აგრესიულია“

ანაკლიის პროექტი არ განხორციელდება, სანამ ვითარებას რუსეთი აკონტროლებს - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

როგორც ჭუმბურიძემ აღნიშნა, საქართველო შავი ზღვის აკვატორიის ქვეყანაა, თუმცა ხელისუფლება ამ მიმართულებით „სერიოზულად“ არ მუშაობს. ეს კი, მისი აზრით, აიხსნება იმით, რომ რუსეთი შუა დერეფნის და სხვა მსგავსი ტიპის პროექტების მიმართ აგრესიულია.

„რამდენიმე დღის წინ ჩატარდა წლიური კონფერენცია, „შავი ზღვის პლატფორმა“, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. საქართველო არის შავი ზღვის აკვატორიის ქვეყანა და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პრაქტიკულად, ხელისუფლების მხრიდან არავინ სერიოზულად ამ თემაზე არ მუშაობს.

შავი ზღვა არა მარტო საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს აკავშირებს ევროპასთან. სწორედ ამიტომაც არის რუსეთი ასეთი აგრესიული შუა დერეფნის და არა მარტო შუა დერეფნის მიმართ. ავიღოთ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც პრაქტიკულად, ჩავარდნილია. რამდენი ხანია ისმის დაპირება, რომ რაღაც იწყება, რაღაც უნდა დაიწყოს, მაგრამ არც დაიწყება, სანამ რუსეთი აკონტროლებს აქ ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომლის განხორციელებაც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა