„ყველაზე ხშირად ყიდულობენ იმ ნაკეთობას, რომელიც წონით პატარაა და იაფი ჯდება“ - რა ღირს ოქრო თბილისის „ოქროს ბირჟაზე“

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება. ამ დროისთვის უნცია ოქროს ღირებულებამ 2 800 დოლარს მიაღწია, ეს კი ერთწლიან პერიოდში 38.19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასის ზრდის პარალელურად, ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ძვირდება საქართველოშიც, შედეგად კი, მცირდება მოთხოვნა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ განუცხადეს, არის დღეები, როდესაც მყიდველი საერთოდ არ, ან 2-3 ჰყავთ.

„შეიძლება, რომ დღეში არცერთი მყიდველი არ გვყავდეს - არის ასეთი დღეებიც. გასულ პერიოდში ოქროს ნაკეთობების საყიდლად როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც შემოდიოდნენ - ძირითადად ტურისტები. დღეს, ამ მხრივ, განსხვავებული ვითარებაა - ტურისტი აღარ არის, უცხოელები აღარ შემოდიან“,- აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

„ოქროს ბირჟაზე“ ასევე საუბრობენ იმაზე, რომ მომხმარებლები, ფასის მატებიდან გამომდინარე, უფრო ხშირად ყველაზე დაბალსინჯიან, მცირეწონიან და შესაბამისად, იაფ ნაკეთობებს ყიდულობენ.

„ახალი წლის პერიოდში უფრო მეტი მყიდველი გვყავდა, ბევრი არა, რა თქმა უნდა - ცოტა-ცოტას ყიდულობდნენ. რაც შეეხება ახალი წლის შემდგომ პერიოდს, იკლო მყიდველმა, რადგან ფასმა მოიმატა. ოქროს ბირჟაზე ბევრი ხალხის დადის, ზოგადად, მაგრამ რეალური მყიდველი ძალიან ცოტაა. ერთ გრამ ე.წ. ბაჯაღლოს 260 ლარად ვყიდი, მასზე შედარებით იაფია ე.წ. იტალიური ან ე.წ. რუსული ოქრო 585 სინჯით. მყიდველი რომ მოდის, ყველაზე ხშირად ყიდულობს იმ ნაკეთობას, რომელიც წონით პატარაა და იაფი ჯდება. მაგალითად, გრამზე ნაკლები წონის საყურეებსა და ბეჭდებს ანუ ყველაზე იაფფასიანებს“,- უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ კიდევ ერთმა მოვაჭრემ.

მოვაჭრეთა ნაწილი იმედოვნებს, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვლება და გაყიდვების ოდენობა თებერვლიდან მოიმატებს.

„ახალი წლის პერიოდში გაყიდვები ძირითადად იმატებს ხოლმე იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როცა ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. ახალი წლის შემდეგ რთული ვითარებაა. გაყიდვებმა იკლო საგრძნობლად. დღე შეიძლება ისე გავიდეს, რომ 2-3 რეალურ მყიდველზე მეტი არ შემოვიდეს და ისიც დაბალწონიან და შესაბამისად, დაბალფასიან ნაკეთობებს ეძებს. იშვიათად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც დღის განმავლობაში 3-ზე მეტი მყიდველი გვყავს.

ზოგი ფიქრობს, რომ ოქროს ფასი კიდევ მოიმატებს და ამიტომ, ცდილობს, მოასწროს და იყიდოს. ძალიან ბევრი აქეთ მოდის და აბარებს ოქროს - თან აწეულია ფასი ხომ?! ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება იაფად ჩაიბაროს. ყველგან ერთი ფასი არ არის ჩაბარების. მაგალითად, თუ ერთ გრამ ე.წ. ბაჯაღლოს 260 ლარად ვყიდი, ჩაბარების ფასი 240 ლარი იქნება. იმედი გვაქვს, რომ ვითარება თებერვლიდან გამოსწორდება“,- უთხრეს „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“.

რაც შეეხება ფასებს, როგორც ირკვევა, თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ დღეისთვის 375 სინჯის ოქრო - მასალა 95 ლარი, ხოლო ნაკეთობა 150 ლარი ღირს; 585 სინჯის ოქრო - მასალის 152, ნაკეთობის ფასი კი 200 ლარია. რაც შეეხება 999.9 სინჯის ოქროს, ე.წ. ბაჟაღლოს, მისი ღირებულება 260 ლარია.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა