მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე შესაძლოა, 5-ჯერ შემცირდეს - „სფერო ინვესტირებისთვის არამიმზიდველი გახდება“

„ეს (დადგმული სიმძლავრის 500-დან 100 კვტ.სთ-მდე შემცირება) ნიშნავს, დიდი საფეხბურთო მოდენიდან გადაგიყვანონ მინი მოედანზე და გითხარი, რომ 11-მა კაცმა ითამაშეთ 5-კაციანი ფეხბურთი“, - ასე აფასებს საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, მზის ელექტროსადგურების სიმძლავრის შესაძლო შემცირებას.

საუბარია, „სემეკის“ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, მზის ელექტროსადგურებისთვის დადგმული სიმძლავრის 500 კვტ.სთ-დან 100 კვტ.სთ-მდე შემცირება იგეგმება. მათი განმარტებით, განმარტებით ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს უკვე მიაღწია და ბაზარზე 14%-ანი ლიმიტიც შეივსო, რაც გამანაწილებელი კომპანიებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

თუმცა, ბიზნესები, რომლებიც ქვეყანაში მწვანე ენერგიას გამოიმუშავებენ, ამბობენ, რომ სფერო ინვესტირების კუთხითაც არამიმზიდველი გახდება.

„დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, რომ არა თუ დადგმული 500 კვტ.სთ სადგურების, არამედ არცერთი სადგურის „ენერგო პროს“ გამანაწილებელ ქსელში ჩართვა შესაძლებელი არ არის. მაგალითად, დღეს რომ გადაწყვიტოთ, სადგურის მიერთება, ავტომატურად დახარვეზდება და გეტყვიან, რომ დაელოდეთ „სემეკის“ გადაწყვეტილებას.

ის, რომ 500-დან 100 კვტ.მდე იზღუდება, ამის არგუმენტაცია არის პირველი ის, რომ 14%-ს მიაღწია ლიმიტმა (სადამდე შეიძლება ლიმიტის გაზრდა, ამაზე ყოველთვის მიდიოდა მსჯელობა ...);

მეორე, მთავარი არგუმენტი, რაც აქვთ, რომ ტარიფზე ხდება დაწოლა, იმის გამო, რომ ნეტო აღრიცხვაში ჩართული მომხმარებლები არ იხდიან განაწილების, სისტემის მომსახურების საფასურს. ეს შეიძლება იყოს ტარიფზე დაწოლა 0,01 თეთრით. თუმცა, ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია ე.წ ნეტო დარიცხვის მეთოდის შემოღება, რომელიც მე ვფიქრობ, დაგვიანდა კიდეც და პრობლემები ზუსტად ამან გამოიწვია. ნეტო დარიცხვა ამ ზღვარზე რომ მივიდოდა, ჩვენ ეს ვიცოდით, ნოემბრის დასაწყისში გვქონდა "სემეკში" შეხვედრა, სადაც გვითხრეს, რომ ვუახლოვდებოდით ზღვარს. მაგრამ, ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ მოიფიქრეს, იყო ის, რომ 100 კვტ.სთ-მდე დაწევა, რაც ჩვენ ვფიქრობთ, არ არის გამოსავალი.

დადგმული სიმძლავრე კი არ უნდა შეიზღუდოს 500-დან 100 კვტ-მდე, არამედ ჩვენ უნდა გადავიდეთ ნეტო დარიცხვის მეთოდზე და ვთქვათ, რაც არ უნდა იყოს, ამის გადახდისთვის ბიზნესი არის მზად. იყოს ქსელის სისტემის მომსახურების საფასური გონივრული, ბიზნესი ამბობს რომ გადავიხდით. ეს (სიმძლავრის 500-დან 100 კვტ.მდე დაწევა) ნიშნავს, დიდი საფეხბურთო მოედნიდან გადაგიყვანონ მინი მოედანზე და გითხრან, რომ 11-მა კაცმა ითამაშეთ 5-კაციანი ფეხბურთი“,- განაცხადა "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" თორნიკე დარჯანიამ.

ნინი ქეთელაური