„თუ რუსეთმა სურსათის ექსპორტი აკრძალა, საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება“ - დისტრიბუტორები

თუ რუსეთმა სურსათის ექსპორტი აკრძალა, საქართველოში დეფიციტი არ შეიქმნება, - ასე ეხმაურება „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე რუსეთის მხრიდან საკვები პროდუქტების ექსპორტის შესაძლო შეზღუდვას.

როგორც ცნობილია, 2025 წლის იანვრის ბოლოს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ვითარება შიდა ბაზრის სტაბილურობის სასარგებლოდ არ განვითარდა, მოსკოვი სურსათის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საკვების პროდუქტების უდიდესი ნაწილის იმპორტი სწორედ რუსეთიდან ხორციელდება. 2024 წელს საქართველოში 1.79 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საკვებისა და სასმლის იმპორტი განხორციელდა. საკვებისა და სასმელების იმპორტში რუსეთის წილი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია. საქსტატის მონაცემებით, რუსეთის წილი საკვების იმპორტში 24%-ს შეადგენდა.

გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მარცვლოვანი კულტურები იყიდა, რაშიც ჯამში 92.4 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, მეორე ადგილი ეკავა ცხიმებსა და ზეთებს (ჯამური ღირებულებით 56.3 მლნ აშშ დოლარი).

10 ძირითადი პროდუქტი, რომელიც რუსეთიდან საქართველომ 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების შეიძინა, ასე გამოყურება:

  • მარცვლოვანები - 92.42 მლნ აშშ დოლარის;
  • ცხიმები და ზეთები - 56.32 მლნ აშშ დოლარის;
  • პურეულის მზა პროდუქტები - 51.14 მლნ აშშ დოლარის;
  • კვების სხვადასხვა პროდუქტები - 48.52 მლნ აშშ დოლარის;
  • ცოცხალი ცხოველები - 45.79 მლნ აშშ დოლარის;
  • ფქვილ-ბურღულეული, ალაო, სახამებელი - 37.71 მლნ აშშ დოლარის;
  • კაკაო და მისი პროდუქტები - 30.23 მლნ აშშ დოლარის;
  • შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი - 15.55 მლნ აშშ დოლარის;
  • ბოსტნეულის - 15.49 მლნ აშშ დოლარის;
  • რძის პროდუქცია; კვერცხი; თაფლი - 13.96 მლნ აშშ დოლარის;

ამ ფონზე, საინტერესოა, რა გავლენა ექნება შეზღუდვის დაწესებას საქართველოზე. როგორც ლაშა რიჟამაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სადისტრიბუციო კომპანიებს მიმწოდებლებისგან უახლოეს პერიოდში შეზღუდვის დაწესების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

„შეზღუდვასთან დაკავშირებით კომპანიებს არსებითი ნეგატიური მოლოდინები არ აქვს. ამ ეტაპზე კომპანიებს მომწოდებლებისგან არ მიუღიათ ინფორმაცია, რომ სურსათის ექსპორტი არსებითი მოლოდინი უნდა იყოს. ამ ეტაპზე არ არსებობს მოცემულობა, რომ გარკვეული ტიპის შეზღუდვა დაწესდეს“, - ამბობს რიჟამაძე.

მანვე აღნიშნა, რომ თუ რუსეთმა სურსათის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა, გადაწყვეტილება საქართველოში საკვები პროდუქტების დეფიციტს არ გამოიწვევს.

„პანდემიის პერიოდში გარკვეული ტიპის შეზღუდვები როცა დააწესა რუსეთმა, ქართულმა კომპანიებმა შეძლეს, რომ ეს შეზღუდვები არ ასახულიყო საქართველოზე და მაინც ხდებოდა პროდუქციის შემოტანა. მაშინ პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა და არც ახლა შეიქმნება თუკი მსგავსი შეზღუდვა იარსებებს“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

მერი ტაბატაძე