ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე, მდინარე ალაზნის შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 90 000 ქვირითით დათევზიანდა, რაც აღნიშნულ დაცულ ტერიტორიაზე პოპულაციის აღდგენისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი 2016 წლიდან წარმატებით ხორციელდება ქვეყანაში. 2025 წლის გეგმის მიხედვით კი, მდინარეების დათევზიანება, ჯამში, 700 000 ქვირითით მოხდება.
„საქართველოში, ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. უკვე რამდენიმე მილიონი ნაკადულის კალმახის ქვირითით დავათევზიანეთ საქართველოს მდინარეები. ამ ეტაპზე, დათევზიანებასთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი. მრავალ მდინარეში, რომელშიც თევზი პრაქტიკულად არ ფიქსირდებოდა, დღეს უკვე თვალხილულია ნაკადულის კალმახი. დათევზიანების პროცესი იქნება შეუქცევადი და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.
გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.