ქართული ღვინის ექსპორტი 5.8%-ით გაიზარდა. 2023 წელს უცხოეთში გავიდა 89 388 ტონა ქართული ღვინო, რომლის ჯამური ღირებულებაც 257.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. 2024 წლისთვის ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 274.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ჯამში გასულ წელს ექსპორტზე 94 564 ტონა ღვინო გავიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება გასულ წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2024 წელს 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.9 დოლარი იყო, წინა წელს კი 2.88 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი დაახლოებით 0.7%-ით გაიზარდა.
ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავაც რუსეთია. 2024 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 70%-ს აჭარბებდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს რუსეთში 66 724 ტონა ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე.
რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში 27%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 7.4 მილიონი აშშ დოლარის 798 ტონა ღვინო, ხოლო 2023 წელს 5.9 მილიონი აშშ დოლარის 629 ტონა. ამის პარალელურად მცირედით შემცირებულია იმპორტირებული ღვინის საშუალო ფასი. მაგალითად, 2023 წელს 1 ლიტრის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 2.9 დოლარი ჯდებოდა, 2024 წელს კი ღირებულებამ 2.88 დოლარამდე კლება აჩვენა.
ქვეყანაში ღვინის უდიდესი ნაწილის იმპორტი საფრანგეთიდან ხორციელდება. მაგალითისთვის, 2024 წელს ფრანგული ღვინის წილი ღვინის იმპორტში 16%-ს აჭარბებდა. 5 ძირითადი ბაზარი ღვინის იმპორტისთვის ასე გამოყურება: