ჩინური ხელოვნური ინტელექტი DeepSeek ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად აპლიკაციად მიიჩნევა. თუმცა, არაერთი ქვეყანა ამ აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უკვე დაეჭვდა.
31 იანვარს DeepSeek-ის მუშაობა ქვეყანაში დროებით შეაჩერა იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ. ქვეყნის მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ აპლიკაცია ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება.
ამასთან, Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ში რამდენიმე ფედერალურმა სააგენტომ თავის თანამშრომლებს DeepSeek-ის გამოყენება აუკრძალა და გარდა ამისა, „ასობით კომპანიამ“ მათ კიბერუსაფრთხოების ფირმებს, მათ შორის Netskope და Armis-ს სთხოვა დაებლოკათ აპზე წვდომა.
DeepSeek-ის მონაცემთა შეგროვების პრაქტიკასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ირლანდიის, საფრანგეთის, ბელგიისა და ნიდერლანდების კონფიდენციალურობის მარეგულირებლებმა.
ამჯერად კი, ცნობილი გახდა რომ ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის DeepSeek-ის გამოყენება ყველა სამთავრობო მოწყობილობასა და სისტემაში ავსტრალიამაც აკრძალა.
ავსტრალიის მთავრობა ამტკიცებს, რომ აკრძალვა არ არის განპირობებული აპლიკაციის წარმომავლობით, არამედ გადაწყვეტილება მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების რისკის გამო.
მას შემდეგ, რაც იანვარში DeepSeek მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ხელოვნურმა ინტელექტმა მსოფლიო გააოგნა თავისი შესაძლებლობებით. Chatgpt-ის კონკურენტად მიჩნეული ჩინური ანალოგის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები საგრძნობლად შეიცვალა.
არაერთმა კომპანიამ საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე, მილიარდობით დოლარის ზარალი განიცადა. ზარალზე გავიდა ავსტრალიაში ჩიპების მწარმოებელმა Brainchip-იც.
27 იანვარს, ჩიპების მწარმოებელი ამერიკული გიგანტის, Nvidia-ს აქციები 18 პროცენტით, ანუ 600 მილიარდი დოლარით გაიაფდა. ეს აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი გაუფასურებაა.
ხელოვნური ინტელექტის მოდელების სავარჯიშოდ Nvidia-ს მძლავრ ჩიპებს იყენებენ. გამოცემა The New York Time-ის ინფორმაციით, წამყვან მსოფლიო კომპანიებს ჩატბოტების სასწავლებლად სულ ცოტა 16 ათასი ჩიპი სჭირდებოდათ.
DeepSeek-ი აცხადებს, რომ საკუთარი ჩატბოტი მხოლოდ 2 ათასი ჩიპით “დააჭკვიანა”. ეს კი დაახლოებით 5,6 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ავსტრალიის გარდა Deepseek-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმაც დაბლოკა.
შედეგად იტალიაში, ორივე Apple-სა და Google-ის ციფრულ მაღაზიებში DeepSeek-ის აპლიკაცია გაქრა. მანამდე, იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა Garante-მ კომპანიას მოსთხოვა მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
მზარდი შიშები
დასავლეთის ქვეყნები დიდი ხანია ეჭვქვეშ აყენებენ ჩინური ტექნოლოგიების ნაწილს.
სიფრთხილე განსაკუთრებით შეეხო სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს და სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ს, ორივე მათგანი ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე, გარკვეული დროით მაინც შეიზღუდა.
იანვრის დასაწყისში, ავსტრალიის მეცნიერების მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნები „ძალიან ფრთხილად“ უნდა იყვნენ DeepSeek-ის მიმართ და ამას მოაყოლა შეშფოთება „მონაცემებისა და კონფიდენციალურობის“ კუთხით.
ხოლო სამხრეთ კორეის, ირლანდიისა და საფრანგეთის მარეგულირებლებმა დაიწყეს გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებს DeepSeek მომხმარებლის მონაცემებს, რომლებიც ყველაფერს ინახავს ჩინეთში არსებულ სერვერებზე.
DeepSeek-ის თანახმად, მისი სერვერები ჩინეთშია განლაგებული. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდით, შეიძლება აღმოჩნდეს ჩინეთის ხელისუფლების ხელში.
წყარო: bbc.com