ვის ეკუთვნის ევროკავშირიდან იმპორტიორი 10 უმსხვილესი კომპანია

საქართველოში ევროკავშირიდან პროდუქციის იმპორტი გაიზარდა. 2023 წელს EU-დან 3.82 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, 2024 წელს კი იმპორტის მოცულობამ 4.59 მლრდ დოლარი შეადგინა.

5 ძირითადი პროდუქცია, რის იმპორტსაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებიდან ახორციელებს, ასე გამოყურება:

  • მსუბუქი ავტომობილები - 810.5 მლნ დოლარის ღირებულების;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 452.3 მლნ დოლარის ღირებულების;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 297.5 მლნ დოლარის ღირებულების;
  • სატვირთო ავტომობილები - 116.1 მლნ დოლარის ღირებულების;
  • საფრენი აპარატები - 98.1 მლნ დოლარის ღირებულების.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელი კომპანიები ახორციელებენ ევროკავშირიდან ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქციის იმპორტს. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უმსხვილესი იმპორტიორები ათეული ასე გამოყურება:

  • სააქციო საზოგადოება „გეფა“ 1995 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად „ჯიპისის“ სახელით ახორციელებდა საქმიანობას. რამდენიმე რეორგანიზაციის შემდეგ, საბოლოოდ, 2017 წელს „ჯიპისიმ“ გადაირქვა სახელი და დღეს მას ვიცნობთ როგორც სს „გეფა“. Reportal-ზე არსებული მონაცემებით, სააქციო საზოგადოების წილების 97.6%-ს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, დანარჩენ 2.4%-ს კი მიხეილ აბრამიძე ფლობს;
  • „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ 1996 წელს დაარსდა. კომპანიამ 2017 წელს განიცადა რესტრუქტურიზაცია და ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად. 2023 წლის მდგომარეობით, კომპანიას ჰყავდა 17 აქციონერი. კომპანიის ძირითადი აქციონერი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის თემურ ჭყონია, რომელიც წილების 76.17%-ს ფლობს, 11.3%-ს ფლობს შპს Yummy Fresh Products, დანარჩენ აქციებს კი კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები (4.49%) ფლობენ;
  • შპს „პსპ ფარმა“ სამეწარმეო რეესტრში 2002 წელს დარეგისტრირდა. წილების 95%-ს კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ს თენგიზ ჯამელაშვილი ფლობს. რეესტრში კომპანიის დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი ფიქსირდება;
  • შპს „ავერსი-ფარმა“ 1999 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ირაკლი ქსოვრელია. წილების 67%-ს პაატა კურტანიძე ფლობს, ხოლო 33%-ს - ნიკოლოზ კურტანიძე;
  • შპს „აკა“ სამეწარმეო რეესტრში 1996 წელს დარეგისტრირდა. დირექტორი გიორგი ტყებუჩავაა, წილებს კი რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე ლუიზა თავართქილაძე (46%), მაკა ასათიანი (27%) და სალომე ასათიანი (27%) ფლობენ;
  • შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე რომან პეტრაშოვია. წილებს სრულად ავსტრიაში დაფუძნებული კომპანია შპს LUKOIL INTERNATIONAL GMBH ფლობს;
  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი“) - კომპანია რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ამერიკის მოქალაქე ქრეიგ სთივენ ქრამერია, წილებს კი სრულად აშშ-ში დაფუძნებული კომპანია შპს Energy Investment Venture Holdings-ს ფლობს;
  • შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ 2006 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ბექა ბერიძეა. წილებს სრულად შპს „თეგეტა მოტორსი“ ფლობს;
  • შპს „რომპეტროლ საქართველო“ სამეწარმეო რეესტრში 2005 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს ნიდერლანდებში დაფუძნებული ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი. სრულად ფლობს;
  • შპს „ფილიპ მორის საქართველო“ 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს სრულად შვეიცარიაში დაფუძნებული შპს „ფილიპ მორის შვეიცარია“ ფლობს.

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

მერი ტაბატაძე