მშენებლობა ისევ გაძვირდა - რა არის მიზეზები

2024 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 12.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.72 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის ცნობითვე, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 3.01 და 1.77 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 22.8 პროცენტით.

თაია არდოტელი